კახა კალაძე: შენობაში ბუნებრივი აირის ქსელის უსაფრთხოება, კავშირში არ არის შენობის ექსპლუატაციაში მიღებასთან

დედაქალაქის მერი კახა კალაძე განმარტავს, რომ შენობაში ბუნებრივი აირის ქსელის უსაფრთხოება, მოქმედი კანონმდებლობით, არავითარ კავშირში არ არის შენობის ექსპლუატაციაში მიღებასთან.
როგორც კახა კალაძემ ცოტა ხნის წინ მერიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, შენობის ექსპლუატაციაში მიღებისას ბუნებრივი აირის ქსელის უსაფრთხოების შემოწმება მუნიციპალური ინსპექციისა და მერიის კომპეტენციაში საერთოდ არ შედის.
„მინდა, რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს გავუსვა ხაზი. პირველი: სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ შენობაში ბუნებრივი აირის ქსელის უსაფრთხოება, მოქმედი კანონმდებლობით, არავითარ კავშირში არ არის შენობის ექსპლუატაციაში მიღებასთან. მე მინდა ავხსნა, ზოგადად, როგორ ხდება შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღება. არქიტექტურის სამსახური გასცემს სამშენებლო ნებართვას, შემდეგ, როდესაც დასრულდება იმ შენობა-ნაგებობის მშენებლობა, მიდის ზედამხედველობის სამსახური და ამოწმებს, რამდენად თანხვედრაშია გაცემული ნებართვა და დამთავრებული შენობა-ნაგებობა, რამდენად შეესაბამება დამტკიცებულ პროექტს. ასე ხდება ექსპლუატაციაში მიღება. რაც შეეხება იმ კონკრეტულ შენობა-ნაგებობას, სადაც სამწუხაროდ აფეთქება მოხდა, მას მომართვა გაკეთებული ჰქონდა, დაუდგინდა ხარვეზები, ეს ხარვეზები გამოსწორდა, შემოაბრუნეს ისევ მერიაში წერილი და რამდენიმე დღეში ექსპლუატაციაში იქნებოდა მიღებული ეს შენობა. მეორე, რაც მნიშნველოვანია და ხაზი მინდა გავუსვა: შენობის ექსპლუატაციაში მიღებისას, ბუნებრივი აირის ქსელის უსაფრთხოების შემოწმება მუნიციპალური ინსპექციისა და მერიის კომპეტენციაში საერთოდ არ შედის. ამას არეგულირებს მარეგულირებელი კომისიის მიერ დადგენილი რეგულაციები და ცენტრალური ხელისუფლების განკარგულებაში გაწერილი რეგულაციები. რა თქმა უნდა, როგორც ელექტროენერგიის, ასევე ბუნებრივი აირის შეყვანა ენერგოკომპანიების პასუხისმგებლობაა და უფლებამოსილებები მათზეა დელეგირებული,“ – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები