„გამოჩნდნენ პირები, რომლებიც პოლიტიკური მოტივით, ცდილობენ, ცრუ ინფორმაცია მიაწოდონ საზოგადოებას”

„გამოჩნდნენ გარკვეული პირები, დაჯგუფებები, რომლებიც არაკვალიფიციურობის გამო, თუ პოლიტიკური მოტივით, ცდილობენ, ცრუ ინფორმაცია მიაწოდონ საზოგადოებას”, – ამის შესახებ თბილისის მერმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა და ტელეკომპანია „რუსთავი 2“ მორიგ სიცრუეში ამხილა.
ამასთან, კახა კალაძის განმარტებით, სწორედ ეს გარკვეული ჯგუფები დიდ დიღომში მომხდარი ტრაგედიით პოლიტიკურ სპეკულაციას ცდილობენ.
„გამოჩნდნენ გარკვეული პირები, დაჯგუფებები, რომლებიც არაკვალიფიციურობის გამო, თუ პოლიტიკური მოტივით, უფრო ორივე მგონია, ცდილობენ, ცრუ ინფორმაცია მიაწოდონ საზოგადოებას და ცდილობენ ამ ტრაგედიით პოლიტიკურ სპეკულაციას. აქვთ მცდელობა, მერიისა და პირადად ჩემი დისკრედიტაცია მოახდინონ. პირადად მე მაკავშირებენ აფეთქებასთან, აკავშირებენ მერიას და მერიის სამსახურებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ამასთან, კახა კალაძე ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში გუშინ გასულ სიუჟეტს გამოეხმაურა.
„გავიდა სიუჟეტი, რომელშიც მომხდარი ტრაგედია შენობების ექსპლუატაციაში მიღების საკითხს დაუკავშირეს. თანაც ექსპლუატაციაში მიღებამდე საცხოვრებელ კორპუსებში მოსახლეობის ცხოვრების ფაქტი სრულიად უაპელაციოდ და გაუგებრად მიაბეს მათივე გამოგონილ რაღაც გაუგებარ ვითომდა, კორუფციულ სქემას. თითქოს, შენობა-ნაგებობა, რომელიც ექსპლუატაციაში არ არის მიღებული და იქ ცხოვრობენ ადამიანები, ეს არის კორუფციული სქემა“, – განაცხადა თბილისის მერმა.
კალაძე აცხადებს, რომ შენობაში ბუნებრივი აირის ქსელების უსაფრთხოება ექსპლუატაციაში მიღებასთან კავშირში არ არის.
„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ შენობაში ბუნებრივი აირის ქსელების უსაფრთხოება, მოქმედი კანონმდებლობით, არავითარ კავშირში არ არის შენობის ექსპლუატაციაში მიღებასთან. სამშენებლო ნებართვებს გასცემს არქიტექტურის სამსახური. მშენებლობის დასრულების შემდეგ ადგილზე მიდის ზედამხედველობის სამსახური და ამოწმებს, რამდენად თანხვედრაშია გაცემული ნებართვა და უკვე დასრულებული შენობა. შესაბამისად, ასე ხდება შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღება. რაც შეეხება კონკრეტულ შენობას, რომელშიც აფეთქება მოხდა, მას ჰქონდა მომართვა, შემოწმდა და დაუდგინდა ხარვეზები, რომლებიც გამოასწორეს, შემოაბრუნეს მერიაში წერილი და რამდენიმე დღეში ექსპლუატაციაში იქნებოდა მიღებული“, – აღნიშნა კალაძემ.
მისივე განმარტებით, ექსპლუატაციაში შენობის მიღებისას ბუნებრივი აირის ქსელის უსაფრთხოების შემოწმება მუნიციპალური ინსპექციისა და მერიის კომპეტენციაში არ შედის.
„ამას არეგულირებს მარეგულირებელი კომისიის მიერ დადგენილი და ცენტრალური ხელისუფლების განკარგულებით გაცემული რეგულაციები. როგორც ელექტროენერგიის შეყვანა, ასევე ბუნებრივიაირის, ენერგოკომპანიების პასუხისმგებლობაა და უფლებამოსილებები მათზეა დელეგირებული“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები