თბილისის მერმა აფეთქების შედეგად დაზარალებული ოჯახები მოინახულა

თბილისის მერმა კახა კალაძემ დიდ დიღომში, საცხოვრებელი კორპუსის აფეთქების შედეგად დაზარალებული ოჯახები მოინახულა.
კახა კალაძე სასტუმრო „ტეხასსა“ და „შაინში“ მივიდა, სადაც თბილისის მერიამ დაზარალებული ოჯახების ნაწილი დროებით დააბინავა.

მისი თქმით, საგამოძიებო მოქმედებების დასრულებისთანავე, დაზიანებულ კორპუსში აღდგენითი და სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება და დაზარალებულ მოსახლეობას საკუთარი ბინები გარემონტებული ჩაბარდება.
მერმა კორპუსის ექსპლუატაციაში მიღების საკითხთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბინაში გაზის, წყლის და ელექტროენერგიის შეყვანა ექსპლუატაციასთან კავშირში არაა.
„ამ ეტაპზე, შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ამის შემდეგ, როგორც კი შესაძლებლობა მოგვეცემა, აღდგენის სამუშაოებს დავიწყებთ. კორპუსს რეაბილიტაცია ჩაუტარდება და მოსახლეობას გარემონტებული ჩაბარდება. დედაქალაქის მასშტაბით, შეიძლება ათი ათასობით ადამიანი ცხოვრობდეს ისეთ საცხოვრებელ კორპუსებში, რომლებიც ექსპლუატაციაში მიღებული არაა. გაზი, წყალი, ელექტრომომარაგება ექსპლუატაციასთან კავშირში არაა. მშენებელმა უნდა წარმოადგინოს არქიტექტურის სამსახურის მიერ გაცემული ნებართვა და თუ ის თანხვედრაშია უკვე განხორციელებულ პროექტთან, ამის შემდეგ ხდება მისი ექსპლუატაციაში მიღება. ამ კონკრეტულ კორპუსს მერიაში წარმოდგენილი ჰქონდა დოკუმენტაცია მიღებასთან დაკავშირებით, დაუდგინდა მცირე ხარვეზები, რაც გამოსწორდა. დოკუმენტები ისევ მერიაში შემობრუნდა და უახლოეს დღეებში კორპუსი ექსპლუატაციაში მიღებული იქნებოდა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა სასტუმროების მფლობელებს, რომელთაც დაზარალებულ თანამოქალაქეებს დროებითი საცხოვრებელი ნებაყოფლობით დაუთმეს, მადლობა გადაუხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები