ზვავსაშიშროების გამო, კობი-გუდაურის მონაკვეთზე მოძრაობა კვლავ შეფერხებულია
კობი-გუდაურის მონაკვეთზე შექმნილი ზვავსაშიშროების გამო მოძრაობა უკვე მესამე დღეა შეფერხებულია.
მგზავრების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, მთავრობის გადაწყვეტილებით, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინსიტრაცია, ყველა შესაბამის უწყებასთან ერთად, კოორდინირებულად მუშაობს. ავტოკოლონის არასრულწლოვანი მგზავრები, მშობლებთან ერთად, საოჯაო ტიპის სასტუმროში არიან გადაყვანილები. დუშეთის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით მათ გუშინ ცხელი საკვები ჩაუტანეს.
დღეს, ადგილზე პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარი, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე და ადგილობრივი თვითმმარველობის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. მათ ადგილზევე მიიღეს გადაწყვეტილება, დღის მეორე ნახევარში, ჟინვალის ტერიტორიაზე 50 კაცზე გათვლილი კარავი განთავსდეს, სადაც მგზავრები გათბობას და ცხელი საკვების მიღებას მოახერხებენ.
ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, პროცესებში ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყებაა ჩართული. მიმდინარეობს აქტიური მუშაობა, რათა გზა დროულად გაიხსნას და მგზავრებმა უსაფრთხოდ შეძლონ გადაადგილება.
ადგილზე საპატრულო პოლიცია და სამაშველო სამსახურია მობილიზებული. სისტემატიურად მიმდინარეობს ტერიტორიის დასუფთავება.
ამ ეტაპზე, კობი-გუდაურის მონაკვეთზე მოძრაობა ყველა სატრანსპორტო საშუალებისთვის აკრძალულია. მეტეოროლოგიური პირობების გაუმჯობესებისთანავე საავტომობილო გზების დეპარტამენტი გაწმენდით სამუშაოებს დაიწყებს.