ირაკლი კირცხალია: არაერთხელ გვითქვამს, რომ ეს არის დუმილი, რომელიც ბევრ განცხადებაზე მეტი ხმამაღალი განცხადებაა – დუმილი არის ის გამოძახილი და ის პოზიცია, რომელიც სამწუხაროდ, ჩვენს ე.წ. მეგობრებს აქვთ
არაერთხელ გვითქვამს, რომ ეს არის დუმილი, რომელიც ბევრ განცხადებაზე მეტი ხმამაღალი განცხადებაა. დუმილი არის ის გამოძახილი და ის პოზიცია, რომელიც სამწუხაროდ, ჩვენს ე.წ. მეგობრებს აქვთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
კითხვაზე, პრეზიდენტის სასახლეზე შტურმს არ გმობენ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრები. რაზე მეტყველებს ეს დუმილი, რომელიც თვეზე მეტია გრძელდება, კირცხალიამ ასევე განაცხადა, რომ სამწუხაროდ, ეს არის ის პოზიცია და დაკვეთა აგენტურული ქსელის მიმართ, რომელსაც ისინი ახორციელებენ.
„მორიგი დუმილი ნიშნავს მორიგ ხმამაღალ განცხადებას, რომ დიახ, ჩვენ ვდგავართ ამ ყველაფრის უკან. ეს არის სამწუხარო. ასევე, ჩვენი განცხადებული პოზიციაა, რომ ამ ყველაფერს საზოგადოება უპასუხებს – ჩვენი ქვეყნის უმრავლესობა ჩვენი სახით და იმ პოლიტიკური გუნდის სახით, რომელთაც მათ დაუჭირეს მხარი და ქვეყნის სადავეები ანდეს. მათაც ჩვენ ძალიან მკაფიოდ და მკაცრად ვუპასუხებთ.
ინსტიტუციურ დონეზე ჩვენი ქვეყანა აგრძელებს იმ ფასეულობებისა და ღირებულებების მხარდაჭერას, იმ ხელშეკრულებების ზედმიწევნით მიყოლას – ასოცირების ხელშეკრულებაა თუ სხვა, მაგრამ რაც შეეხება იმ უსამართლო პოლიტიკას, რომელიც სამწუხაროდ, დღეს მოდის ბრიუსელიდან, ამას გავცემთ ყოველთვის სამართლიან პასუხს. ყოველთვის ვამხელთ მათ უსამართლობას, ყოველთვის ვამხელთ მათ უსტანდარტობას და ძალიან მოურიდებლად ვეტყვით, რადგან აქ მოსარიდებელი არაფერია. ჩვენ ვემხრობით იმ ევროპას და გვწამს იმ ევროპის, რაც ჩვენში დევს ისტორიულად, ეს არის ის ღირებულებები, რაც ისტორიულად მოსდევს ჩვენს ქვეყანას, ჩვენს კულტურას, რისგანაც სამწუხაროდ, დღევანდელი ევრობიუროკრატია დაცლილია“, – აღნიშნა კირცხალიამ.