გიდი: ჯვრის მონასტერთან ნამდვილად არის პრობლემა, არის ანტისანიტარია

ჯვრის მონასტერთან ნამდვილად არის პრობლემა, არის ანტისანიტარია, – ამის შესახებ გიდმა, ირაკლი ხოტეველმა მედიაჰოლდინგ “კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.
გიდმა ტურისტული ობიექტების მიმდებარე ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ პრობლემები არის, რომელსაც მოგვარება სჭირდება.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან მგრძნობიარე თემაა ჩვენი ყოველი სტუმარი. იქ არიან კადრები, რომლებიც ადგილზე ხვდებიან ადამიანებს, კარგი იქნება, თუ მათთან დამატებით ჩატარდება ტრენინგები. არის პრობლემები და ძირითადად, ეს უკავშირდება სერვისს. მე, როგორც გიდი, ვცდილობ, განწყობები შევქმნა და არ მინდა, ეს განწყობა ვინმემ გამიფუჭოს.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ტურიზმი, მნიშვნელოვანი ნაკადები შემოდის. წლიდან წლამდე იზრდება ტურისტების რაოდენობა. რაც შეეხება ადგილებს, სადაც ტურისტები მიდიან და ნახულობენ – ძალიან მნიშვნელოვანი ადგილია ის, რაც გაჟღერდა ტელევიზიით, ჯვრის მონასტერი. ნამდვილად არის აქ პრობლემა. არის ანტისანიტარია. რა თქმა უნდა, ადამიანები უნდა ვაჭრობდნენ, ისინი გარკვეულ სარგებელს უნდა ნახულობდნენ, მაგრამ არ უნდა იყოს ნაგავი გარშემო ტერიტორიაზე, კარგი იქნებ,ა ის დახლები, სადაც ვაჭრობენ ეს ადამიანები, უფრო ლამაზი იყოს, კეთილმოწყობილი. ეს მათთვისვეა კარგი. ვფიქრობ, ადგილობრივმა მთავრობამ, მუნიციპალიტეტმა უფრო მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს ასეთი ტიპის ადგილებს“, – განაცხადა ირაკლი ხოტეველმა.
მისივე თქმით, ანალოგიური მდგომარეობაა ანანურში, ეკლესიის მისასვლელთან.
„ძალიან მნიშვნელოვანი ტურისტული მონაკვეთია სამხედრო გზა, ე.წ. გუდაური-ყაზბეგის მონაკვეთი, სადაც ისეთი ლოკაციებია, რომელიც ზამთარ-ზაფხულს მუშაობს. მაგალითად, მინდა, დავასახელო ანანური. რომ მიდიხარ, გინდა ანანური ანახო სტუმრებს, სურათი გადაიღო. ამას ტურისტები ერთმანეთს უზიარებენ. ანანურთან მდგომარეობა სავალალოა, იმიტომ რომ ძეგლს ვერ ვნახულობთ საერთოდ. არ ჩანს, მისასვლელი დაბლოკილია. არაესთეტიურად, ძალიან ცუდად გამოიყურება ის ჯიხურები, დახლები. როგორც გიდს, მინდა ის განწყობები შევქმნა, რომ თუ სტუმარი ჩამოვა დღეს და ხვალ სხვას უთხრას, რომ საქართველო ყველაზე მაგარი ქვეყანაა. ანანურის პრობლემა თვალშისაცემია უკვე. თავიდან ერთი რიგი იყო. დღეს გაიზარდა, მთლიანად ამახინჯებს იქაურ გარემოს.
მთავრობა ტურიზმისთვის ბევრ რამეს აკეთებს, უბრალოდ არის პატარ-პატარა და მნიშვნელოვანი ნიუანსები ანტისანიტარიასთან დაკავშირებით, რაც თვალშისაცემია. ამ კუთხით გამოვყოფდი, ყაზბეგში, მეგობრობის გადასახედს, მისასვლელი ძალიან ლამაზადაა გაკეთებული, გარემოვაჭრეებიც დგანან, იქაც შეიძლება დახლები ლამაზად გაკეთდეს და კარგად გამოიყურებოდეს. ტურისტებს ვაჩვენებ, რომ არის ულამაზესი გადასახედი, განწყობას ვუქმნი და უცებ რას ვხედავ – დიდი რაოდენობით ნაგავი ყრია გარშემო“, – განაცხადა ირაკლი ხოტეველმა.
ამავე თემასთან დაკავშირებით ტურისტული კომპანია “The best adventure in georgia” -ს დირექტორმა, მარი მუზაშვილმაც ისაუბრა.
„ადგილობრივმა მუნიციპალიტეტებმა ამ საკითხთან დაკავშირებით, ძალიან ბევრი უნდა იმუშაონ. თუნდაც, ანანურის თემა ავიღოთ. უნდა შეიქმნას პირობა, რომ ლამაზ ფორმაში იყოს დახლები, არ იყოს ეს ლურჯი ფარდულები ჩამოფარებული ანანურის ციხე-სიმაგრის წინ. იგივე პრობლემაა მჟავე წყალს რომ ვეძახით, იმ ტერიტორიაზე, ყაზბეგის გზაზე, იქაც მოუწერიგებელი საპირფარეშეოები, მოუწესრიგებელია გარემო გადმოსახედთან. როცა მყავდა ტურისტები, უხერხულად ვიგრძენი თავი, სავალალო მგდომარეობაშია საპირფარეშოები, ბევრი ნაგავია. სურათს, რომ იღებ და მერე იმის ფოტოშოფში წაშლა გიწევს, უხერხული მომენტია“, – განაცხადა მუზაშვილმა.
ცნობისთვის, მცხეთაში, ჯვრის მონასტერი გუშინ გაიხსნა.. ჯვრის მონასტერი რამდენიმე დღის განმავლობაში დაკეტილი იყო. ამის მიზეზი სასულიერო პირებსა და გარემოვაჭრეებს შორის არსებული დაპირისპირება გახდა.
ჯვრის მონასტრის საძმომ განცხადება გაავრცელა და მონასტრის დაკეტვის მიზეზები განმარტა.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 2017 წლიდან მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ეკლესიასა და ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეთანხმების გარეშე, კანონის დარღვევითა და დადგენილი წესების უგულებელყოფით, მოვაჭრეებმა ავტოსადგომის ტერიტორია დაიკავეს და უკანონო საქმიანობა დაიწყეს, რამაც ადგილზე ანტისანიტარია და განუკითხაობა წარმოშვა.
მცხეთის მერმა გოგიტა კაპანაძემ განაცხადა, რომ მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე გარევაჭრობის მოწესრიგებას მერია უზრუნველყოფს.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები