დიდი ბრიტანეთი “ბრექსიტის” გადადებისთვის ემზადება
დიდი ბრიტანეთის პარლამენტი ევროკავშირიდან გამოსვლის გადავადების კანონპროექტს ამზადებს, – ამის შესახებ ინფორმაციას პორტალი “Reuters” ავრცელებს
“Reuters”-ის ცნობით, სამშაბათს, ბრიტანეთის მთავრობის მინისტრებმა ბიზნესმენებს განუცხადეს, რომ დეპუტატები 50-ე მუხლის წარდგენის შესახებ შუამდგომლობის გადადებისთვის ემზადებიან. აღნიშნული მუხლი ევროკავშირიდან გამოსვლის პროცესს მართავს.
ამავე დროს, ევროპარლამენტში განაცხადეს, რომ დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლის თარიღის გადაწევა შეუძლებელია საერთო ევროპული არჩევნების თარიღის მერე, რომელიც 23-26 მაის ჩატარდება.
“არსებობს წინადადებები, რომ “ბრექსითი” გადაიდოს, მაგრამ თუ მას ევროპის არჩევნების თარიღს გადავაცილებთ, ეს მხოლოდ გაურკვევლობას გაზრდის ჩვენს საზოგადოებაში და ეკონომიკაში”, – განაცხადა ევროპარლამენტის ლიბერალური ფრაქციის თავმჯდომარემ, ევროპარლამენტის კოორდინატორმა “ბრექსითის” საკითხებში, გი ვერხოფსტადტმა.
მისი განმარტებით, თუ დიდი ბრიტანეთი ევროპარლამენტის არჩევნების დროს ევროპარლამენტში იქნება, არჩევნები მის ტერიტორიაზეც უნდა ჩატარდეს, რაც შეუძლებელია იმის გათვალისწინებით, რომ მას ორგანიზაციის დატოვება სურს.
როგორც ცნობილია, დეპუტატებმა ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გამოსვლის გეგმა, რომელიც პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ ბრიუსელთან შეათანხმა, უარყვეს. გარდა ამისა, მათ მთავრობის გადადგომაც მოითხოვეს.