რა უნდა ვიცოდეთ ტექნიკურ ინსპექტირებაზე და რამდენმა ავტომანქანამ ვერ გაიარა-სამინისტრო დამატებით დეტალებს ასაჯაროებს

2019 წლიდან პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება სავალდებულოა ყველა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის. 2019 წლის პირველიდან 14 იანვრის ჩათვლით, ტექნიკური ინსპექტირება გაიარა 21,276 ავტოსატრანსპორტო საშუალებამ (ასს), საიდანაც გამართულად ჩაითვალა 11,666 ერთეული ასს. ტექნიკური ინსპექტირებისას დახარვეზდა 9,613 ასს, ხოლო განმეორებით დახარვეზდა 189 ასს. გზაზე გადაადგილება დაუშვებლად იქნა მიჩნეული 75 ავტოსატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში.
„ავტოსატრანსპორტო საშუალების სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გავლა შესაძლებელია საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ ნებისმიერ პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრში. იმ შემთხვევაში, თუკი ასს პირველ შემოწმებას ვერ გაივლის, ავტომფლობელს აქვს 30 კალენდარული დღე ხარვეზის გამოსასწორებლად.
იმავე ტესტირების ცენტრში ავტომობილის განმეორებითი ინსპექტირება უფასოა. მსუბუქი ავტომობილის ტექნიკური ინსპექტირების საფასური 60 ლარია მთელი საქართველოს მასშტაბით განთავსებულ ცენტრებში.
ავტომობილი შემოწმდება შემდეგ პარამეტრებზე: გამონაბოლქვი, სამუხრუჭე სისტემა, საჭის მექანიზმი, სავალი ნაწილები, საბურავები, ხილვადობა, ფარები, შუქამრეკლები და ელექტრომოწყობილობა“,- აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.
ავტომობილის ინსპექტირების ბოლო ვადა განისაზღვრება ავტომობილის რეგისტრაციის რიცხვისა და თვის შესაბამისად. მაგალითად, თუ ავტომობილის რეგისტრაციის თარიღია 15 აპრილი, ავტომობილს პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება გავლილი უნდა ჰქონდეს 15 აპრილის ჩათვლით.
ინსპექტირების პროცესის შესახებ საზოგადოების ინფორმირების მიზნით, მოქმედებს ცხელი ხაზი – 1484, რომელიც მუშაობს ყოველ სამუშაო დღეს 09:00 – 18:00 საათებში.
ნინა შადური

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები