საქართველოსა და ინდოეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მიზანშეწონილობის კვლევა დასრულდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში საქართველოსა და ინდოეთის რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ეკონომიკური მიზანშეწონილობის ერთობლივი კვლევითი ჯგუფის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას საქართველოს მხრიდან ხელმძღვანელობდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, ხოლო ინდოეთის მხრიდან – ინდოეთის კომერციისა და მრეწველობის სამინისტროს დამატებითი მდივანი და ინდოეთის რესპუბლიკის ოფიციალური დელეგაციის ხელმძღვანელი ბიდიუტ ბეჰარი სვეინი.

როგორც “კვირას” ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრის ფარგლებში, ხელი მოეწერა დოკუმენტს, აღნიშნული კვლევის დასრულებასთან დაკავშირებით. კვლევამ აჩვენა, რომ ინდოეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას ექნება პოზიტიური ეფექტი მხარეების ეკონომიკურ კეთილდღეობაზე და ორმხრივ საქონლით ვაჭრობაზე, ასევე, დადებით გავლენას იქონიებს მომსახურებით ვაჭრობისა და ინვესტიციების სფეროში ორმხრივ თანამშრომლობაზე, შექმნის ახალ შესაძლებლობებს ბიზნესისთვის.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, გენადი არველაძის განცხადებით, კვლევის მთავარი შედეგის მიხედვით, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება განხორციელებადი და ორმხრივად მომგებიანი იქნება. ეს დასკვნა ეფუძნება საქონლით ვაჭრობის, მომსახურებით ვაჭრობისა და ინვესტიციების პოტენციალის შეფასებას, ორმხრივი თავისუფალი ვაჭრობის შემთხვევაში. ამასთან, აღნიშნული კვლევა იძლევა რეკომენდაციას, მხარეებმა სავაჭრო მოლაპარაკების კომიტეტის შექმნის გზით დაიწყონ მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე.

ინდოეთის რესპუბლიკის ოფიციალური დელეგაციის ხელმძღვანელის განცხადებით, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებაზე მუშაობა მალე დაიწყება.

“ჩვენ შევაჯერებთ კვლევის შედეგებს და მას შემდეგ, რაც ინდოეთისა და საქართველოს მთავრობები შესაბამის გადაწყვეტილებებს მიიღებენ,  დარწმუნებული ვარ, რომ მალევე დავიწყებთ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებაზე მუშაობას”, აცხადებს ბიდიუტ ბეჰარი სვეინი.

შესაბამისად, კვლევის დასკვნებისა და რეკომენდაციების საფუძველზე საქართველოს და ინდოეთის მხარეები შეთანხმდნენ, უმოკლეს ვადაში განახორციელონ შესაბამისი შიდა პროცედურები თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკების დაწყების მიზნით.

კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოს ინდოეთში ექსპორტის შესაძლო ზრდა  განისაზღვრა ისეთ სასაქონლო პოზიციებზე, როგორიცაა მადნები, წიდა და ნაცარი, მეტალურგიული ნაწარმი, სამედიცინო პროდუქცია, ღვინო და სხვა ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელები, გადამუშავებული სოფლის მეურნეობის პროდუქტები და ა.შ.  ხოლო ინდოეთიდან საქართველოში ექსპორტის ზრდა ნავარაუდებია შემდგომ პოზიციებზე: ცემენტი, მადნები, მინერალური საწვავი, პლასტმასის ნაწარმი, ელექტრომოწყობილობები და სხვა.

მომსახურებით ვაჭრობის მიმართულებით კვლევის მიხედვით, ურთიერთმომგებიანი სავაჭრო პოტენციალი არსებობს ბიზნეს და პროფესიონალური მომსახურების, ტელეკომუნიკაციების, კომპიუტერული, ტურიზმის, აუდიო-ვიზუალური და მომსახურების სხვა სექტორებში.

გარდა ამისა, ინვესტიციების სფეროში კვლევა გამოყოფს ინდოეთიდან საქართველოში ინვესტიციებისათვის მიმზიდველ პოტენციურ სექტორებს, მათ შორის, ფერმერული მეურნეობის, ფარმაცევტულ, მეტალურგიის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, ტურიზმის, განათლებისა და ჯანდაცვის, აუდიო-ვიზუალურ, ენერგეტიკისა და გარემოსდაცვით და სხვა სექტორებში. საქართველოდან ინდოეთში პოტენციურ საინვესტიციო  სფეროებს წარმოადგენს ტურიზმის, განათლებისა და მეღვინეობის სექტორები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები