თბილისში მამაკაცმა ქალი ელექტროშოკით გათიშა და მასზე იძალადა – “მტერს არ ვუსურვებ, რაც გადამხდა”

სოციალური ქსელის მომხმარებელმა “ფეისბუქის” პირად გვერდზე საკუთარი ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ გლდანის რაიონში, გობრონიძის ქუჩაზე უცნობი პიროვნება ელექტროშოკით თავს დაესხა და მასზე იძალადა. როგორც მან სოციალურ ქსელში დაწერა, ბრალდებულმა ოთხი დარტყმით მისი პარალიზება მოახდინა.
“საერთოდ წინააღმდეგი ვარ ემოციური პოსტების… მინდა გაფრთხილდეთ, უმეტესად მდედრებს მივმართავ. რაც მე გადამხდა თავს, მტერს არ ვუსურვებ. 30 დეკემბერს ღამის 9-დან 10-ის ნახევრის ინტერვალში გლდანში, გობრონიძის ქუჩიდან მიმავალ საცალფეხო ბილიკზე, რომელიც მუხიანის დასახლებას აკავშირებს, ელექტროშოკის ოთხი დარტყმით პარალიზება მოახდინა და ჩემზე იძალადა. გადავრჩი, რადგან ელექტროშოკერი, როგორც მოგეხსენებათ ხშირ შემთხვევაში გულს აჩერებს. საკუთარი თავი თქვენვე დაიცავით. მინიმუმ, ცრემლსადენი გაზი იქონიეთ ჯიბეში. გაფრთხილდით”, – წერს დაზარალებული.
როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, ძალადობის ფაქტზე, 1995 წელს დაბადებული რ.ა 31 დეკემბერს დააკავეს.
მათივე ცნობით, დანაშაული 6-დან 8-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
“პოლიციის მიერ გატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებების შედეგად ბრალდებული მუხიანში დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ რ.ა- მ 30 დეკემბერს მუხიანის დასახლებაში ელექტროშოკის გამოყენებით 1984 წელს დაბადებულ ქალს სხეულის დაზიანება მიაყენა, იძალადა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებით ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში დააკავეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ელექტროშოკი და სხვა ნივთმტკიცებები ამოიღეს.
ამჟამად ბრალდებულს სასამართლოს გადაწყვეტილებით აღმკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის I ნაწილით მიმდინარეობს”,-აცხადებენ შსს-ში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები