“საქართველოს ბიზნეს ასოციაცია” „თიბისი ბანკის“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება

0

„ნებისმიერი სამართლებრივი საკითხი, რაც კონკრეტული კომპანიასა თუ ზოგადად ბიზნესის ამა თუ იმ სექტორთანაა დაკავშირებული, უნდა წარიმართოს გამჭვირვალედ“ – ასე ეხმაურება
„საქართველოს ბიზნეს ასოციაცია“ „თიბისი ბანკის“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს და განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ:
„საქართველოს ბიზნეს ასოციაცია“ მისი წევრი კომპანიის – „თიბისი ბანკის“ გარშემო არსებულ ვითარებას ეხმაურება და მიაჩნია, რომ ნებისმიერ სამართლებრივი საკითხი, რაც კონკრეტულ კომპანიასა თუ ზოგადად ბიზნესის ამა თუ იმ სექტორთანაა დაკავშირებული, უნდა წარიმართოს გამჭვირვალედ და იმგვარად, რომ ე.წ. „კულუარებიდან“ გამოჟონილი ინფორმაცია ცალკეული მედიასაშუალებებისათვის არ გახდეს კომპანიისა თუ მისი მესვეურების წინააღმდეგ ცილისმწამებლური და საქმიანი რეპუტაციის შემლახავი კამპანიის აგორების საფუძველი, რაც დამატებით კითხვებს გააჩენს საზოგადოებაში.
„თიბისი ბანკი“, როგორც ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსებული მოწინავე საჯარო კომპანია, წარმოადგენს მსოფლიოს ათეულობით განვითარებული ქვეყნიდან ინვესტორთა ინტერესებს საქართველოში.
ქართული საბანკო სექტორი დროთა განმავლობაში იქცა ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათად საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების, ფინანსური ბაზრების, ინვესტორებისათვის და ამ მიღწევას ისეთივე მოფრთხილება სჭირდება, როგორც მთლიანად ქართული ეკონომიკის და საინვესტიციო გარემოს იმიჯს.
„საქართველოს ბიზნეს ასოციაცია“ ყოველთვის იცავდა და დაიცავს მისი წევრი ყოველი კომპანიის ლეგიტიმურ ინტერესებს და ამავდროულად ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ნებისმიერი სამართლებრივი საკითხი, იქნება ეს დავა კერძო სუბიექტებს შორის თუ გამოძიება, უნდა წარიმართოს და გადაწყდეს მხოლოდ კანონის ფარგლებში, ყველა მხარის კანონიერი ინტერესების და საქმიანი რეპუტაციის პატივისცემის გზით“, – ნათქვამია „ბიზნეს ასოციაციის“ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი