“შვილი ქართველმა ემიგრანტმა ქალმა მომიკლა” – ისრაელში ქართველი მამაკაცი მოკლეს
ისრაელში ახალგაზრდა ქართველი მამაკაცი მოკლეს. ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია “ემიგრანტების იმედის” დამფუძნებელი, შოთო სიხარულიძე ავრცელებს. მოკლული ისრაელის მოქალაქე, 31 წლის მიხეილ სულაძეა.
როგორც “ემიგრანტების იმედის” დამფუძნებელი, შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში წერს, მომხდარის შესახებ მას გარდაცვლილის დედამ აცნობა.
“მე ისრაელში ვარ. გამწარებული დედა გწერთ და გაწუხებთ. ჩემი შვილი პირველ იანვარს ქართველმა ემიგრანტმა ქალმა მომიკლა. ასე გაგვამწარა საახალწლოდ, ჩემი შვილი დანით დამისერა. ვინაიდან თანხა არ მქონდა შვილის ცხედარი საქართველოში გადმომესვენებინა, ისრაელში დავკრძალეთ. მინდა სამშობლოში გადმოვასვენო, ძალიან მიჭირს. მე თვითონ ლეიკემიით ვარ ავად, მე-3 სტადიაში. მაგრამ არაფერი მითხოვნია. ერთი თხოვნა მაქვს, სანამ ცოცხალი ვარ, მინდა, ჩემი შვილი საქართველოში გადავასვენო. უფალს ვთხოვ, ეს სურვილი ამისრულდეს. გამწარებული დედა, შვილმკვდარი დედა გთხოვთ, დამეხმაროთ, რომ ჩემი შვილი საქართველოს მიწას მივაბარო”, – წერს შოთო სიხარულიძეს გარდაცვლილის დედა.