თბილისის საკრებულო ალილოს მსვლელობას შეუერთდა

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ და საკრებულოს წევრებმა ალილოს ტრადიციულ მსვლელობაში მონაწილეობა მიიღეს. დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა თავისუფლების მოედანზე, მეალილოვეებს ქრისტეს შობა მიულოცეს და საშობაო ნობათი გადასცეს.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ შობის ბრწყინვალე დღესასწაულის მნიშვნელობასა და ალილოს ტრადიციაზე ისაუბრა. მისი თქმით, ალილო არის ის ძირძველი ტრადიცია, რომელსაც ქართველი ხალხი ყოველწლიურად მსვლელობით აღნიშნავს.
„მაცხოვრის შობის ბრწყინვალე დღესასწაული არის დღე, რომელიც ყველა ქრისტიანისთვის განსაკუთრებულია. ამ დღეს ყველა მორწმუნის გული ივსება სიკეთით, სიყვარულითა და სიხარულით. მინდა მივულოცო სრულიად საქართველოს ეს დღე და ვუსურვო ჩვენს ქვეყანას პირველ რიგში მშვიდობა, გამთლიანება, ხოლო თითოეულ მოქალაქეს კეთილდღეობა, ბედნიერება და წარმატება“, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
ალილოს მსვლელობა ტრადიციულად პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო. მეალილოვეებმა რუსთაველის გამზირი, თავისუფლების მოედანი, პუშკინისა და ბარათაშვილის ქუჩები გაიარეს, რის შემდეგაც მსვლელობა ყოვლადწმინდა სამების ტაძარში დაასრულეს.
ალილოს მონაწილეებს გზადაგზა ტკბილეულსა და საჩუქრებს მოსახლეობაც გადასცემდა. ყოვლადწმინდა სამებაში მიტანილი შემოწირულობები შემდეგ ბავშვთა სახლებში, უმწეოთა თავშესაფრებსა და პენიტენციურ დაწესებულებებში გადანაწილდება.
საქართველოში ალილოს ტრადიცია სათავეს V-VI საუკუნიდან იღებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები