ირაკლი კობახიძე: მადლობა მინდა გადავუხადო უწმინდესს და უნეტარესს ეპისტოლესთვის, რომელშიც საუბარი იყო ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ქრისტეს შობისადმი მიძღვნილ ლიტურგიას სამების საკათედრო ტაძარში, შვილებთან ერთად დაესწრო.
სადღესასწაულო მსახურების დაწყებამდე, ტაძარში შეკრებილებმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის საშობაო ეპისტოლეს მოუსმინეს, სადაც ყურადღება განათლების, სიტყვის თავისუფლების და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების მნიშვნელობაზე გამახვილდა.
სადღესასწაულო ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას, ირაკლი კობახიძემ მოსახლეობას ქრისტეს შობის დღესასწაული მიულოცა და პატრიარქის საშობაო ეპისტოლეში გაჟღერებულ ძირითად გზავნილებზე ისაუბრა.
„გილოცავთ ყველას ქრისტეს შობის დღესასწაულს. ამ დღის მადლი ფარავდეს სრულიად საქართველოს. მადლობა მინდა გადავუხადო უწმინდესს და უნეტარესს დღევანდელი ქადაგებისთვის, ეპისტოლესთვის, რომელშიც საუბარი იყო ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე, იმ საკითხებზე, რომლებიც თითოეულ ჩვენგანს გვაწუხებს. საუბარი იყო სიტყვით ძალადობის პრობლემაზე, რაც არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემა ჩვენს საზოგადოებაში, ცილისწამებაზე, სიცრუეზე, ბილწსიტყვაობაზე, რაც არის ძალიან სერიოზული პრობლემა. ასევე, მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ყურადღება იყო გამახვილებული განათლების პრობლემაზე, მათ შორის, პატრიოტულ აღზრდაზე, პატრიოტული აღზრდის მნიშვნელობაზე, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაზე – ეს იყო ძირითადი გზავნილები პატრიარქის ეპისტოლეში და ამ გზავნილებისთვის მინდა, მას დიდი მადლობა გადავუხადო”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საშობაო ლიტურგიას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესა და დეპუტატებთან ერთად, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები