დავით სერგეენკო: იმ პირთა ჩამონათვალი გაიზარდა, რომლებიც მედიკამენტ „ტამიფლუს“ უფასოდ მიიღებენ

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს ინფორმაციით, იმ პირთა ჩამონათვალი გაიზარდა, რომლებიც მედიკამენტ „ტამიფლუს“ უფასოდ მიიღებენ. როგორც მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, აღნიშნული მედიკამენტის დეფიციტი ბოლო ორი დღის განმავლობაში მხოლოდ სააფთიაქო ქსელებში შეიქმნა, ჯანდაცვის სამინისტროსა და სტაციონარებში კი წამლის საკმარისი მარაგია.
„მარაგი შეივსება 10 იანვარს, თუმცა ამ პერიოდის განმავლობაში, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჯანდაცვის სამინისტრო, რომელიც თავისი მარაგიდან, მთელი ქვეყნის მასშტაბით, უფასოდ გასცემდა „ტამიფლუს“ მხოლოდ ორსულებისა და სოციალურად დაუცველებისთვის, უკვე დღეიდან, ჩვენ გავაფართოვეთ ეს ჩამონათვალი და ამით ისარგებლებენ ბავშვები, ასაკით პენსიონრები და ისინი, ვისაც აქვს დიაბეტი, გულსისხლძარღვთა, ონკოლოგიური თუ სასუნთქი გზების დაავადება. მათ შეუძლიათ, მიმართონ საზოგადოებრივი ჯანდაცვის განყოფილებებს, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტროს მარაგიდან იღებენ მედიკამენტს.
​ინფორმაცია, რომელ აფთიაქებში იქნება „ტამიფლუ“, ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზიდან – 1505 შეგიძლიათ მიიღოთ. ცხელ ხაზზე ოპერატორების რაოდენობა გაიზრდება, რომ ინფორმაცია დროულად მიიღონ მომხმარებლებმა“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
რაც შეეხება რისკ-ჯგუფებში შემავალ ადამიანებს, მისი თქმით, სასურველია, რომ მათ გრიპის ვაქცინა ოქტომბრის განმავლობაში ან ნოემბრის დასაწყისში გაიკეთონ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები