სალომე ზურაბიშვილი: ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ “პრეზიდენტის ნაძვის ხე” ზუგდიდში ტარდება

“აქ არ არის ადგილი გრძელი სიტყვების, მაგრამ არის ადგილი, სადაც ჩვენ ერთად უნდა ვილოცოთ, რომ ეს ქვეყანა გამთლიანდეს და იყოს ძლიერი, გაბრწყინებული”, – ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ზუგდიდში “პრეზიდენტის ნაძვის ხის” ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას.
იგი ღონისძიებაზე გიგა ოთხოზორიას შვილებთან და 11 შვილის დედასთან ერთად მივიდა.
„დღეს ბავშვების დღეა, მხიარული დღესასწაულია, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ, სად ვართ და ამიტომ მოვედი გიგა ოთხოზორიას ბავშვებთან ერთად. დღეს გადავეცით სამოქალაქო თავდადების მედალი სახსოვრად იმისა, რომ ქვეყანას არ ავიწყდება თავისი გმირები, მათი თავდადება და ეს არის ის, რაც ქმნის ამ ქვეყანას.
დღეს ასევე ვიყავი ენგურის ხიდზე. როდესაც ზუგდიდში ვარ, არ შეიძლება დავივიწყოთ, რომ ხიდის იქით არიან ჩვენი თანამემამულეები, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები, რომ დღეს ვართ გაყოფილნი, მაგრამ ვართ ერთად. ამ დღესასწაულებზე უნდა ვიფიქროთ, როგორ გავერთიანდეთ, როგორ შევრიგდეთ, ეს არის ჩვენი ერთიანი მომავალი, საიდან, თუ არა ზუგდიდიდან უნდა მივულოცოთ ჩვენს აფხაზ ძმებსა და დებს ხვალინდელი დღესასწაული. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ “პრეზიდენტის ნაძვის ხე” ზუგდიდში ტარდება და არა თბილისში, რადგან ჩვენთვის რეგიონები ძალიან მნიშვნელოვანია. წინასაარჩევნო პერიოდის დროს, სწორედ რეგიონების სიძლიერეზე ვამახვილებდი ყურადღებას. ძლიერი რეგიონები მნიშვნელოვანია, რადგან საქართველო ძლიერი იყო, როცა მისი რეგიონები ძლიერი იყო და ამ რეგიონების სიძლიერეზე იდგა საქართველო. ამის ნიშნად, გადავწყვიტე, რომ ზუგდიდიდან დავიწყო ჩემი გასვლები რეგიონში. ბედნიერი ვარ, რომ ეს იწყება, მომავალი თაობით, ზუგდიდიდან და ეს არის ძალიან კარგი საწინდარი ჩვენი ბედნიერი მომავლისა”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები