სასამართლო საქმეზე გიგაური ხაინდრავას წინააღმდეგ, დამატებით განმარტებებს აკეთებს

თბილისის საქალაქო სასამართლო საქმეზე ეკა გიგაური/ გურამ ადამაშვილისა და გიორგი ხაინდრავას წინააღმდეგ, დამატებით განმარტებას აკეთებს, რომელსაც „კვირა უცვლელად გთავაზობთ:
„საზოგადოების მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების შემდგომ, თბილისის საქალაქო სასამართლო საქმეზე ეკა გიგაური/ გურამ ადამაშვილისა და გიორგი ხაინდრავას წინააღმდეგ, დამატებით განმარტებას აკეთებს.
2018 წლის 30 ნოემბერს, სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ არ დააკმაყოფილა მოსარჩელე ეკა გიგაურის სარჩელი პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახავი ცნობების უარყოფისა და მორალური ზიანის სახით, მოპასუხეების მიმართ 30-30 თეთრის დაკისრების თაობაზე.
მხარეთა შორის დავის საგანს 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევაში საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილე ეკა გიგაურის მონაწილეობის თაობაზე, ასევე დარბევისათვის სპეციალური წოდების მინიჭებისა და მის მიერ სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრებზე პრემიის გაცემის შესახებ მოპასუხეთა საჯარო განცხადებები წარმოადგენდა, რაც მოსარჩელემ ცილისმწამებლურ ცნობებად მიიჩნია.
სასამართლომ, საქართველოსა და საერთაშორისო სასამართლო პრაქტიკის გათვალისწინებით, მიიჩნია, რომ სადავო განცხადებები არ წარმოადგენდა მტკიცებითი ფორმით ფაქტების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას და შეაფასა განმცხადებელთა სუბიექტურ დამოკიდებულებად, შეფასებით მსჯელობად, რაც არ გასცდენია „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების“ ფარგლებს. კერძოდ გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის ,,აუცილებლობის’’ ძირითადი პრინციპები ევროპის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (შემდგომში „ევროპული სასამართლო“ ან „სტრასბურგის სასამართლო“) დაადგინა მრავალ საქმეში. გადაწყვეტილებებში სასამართლომ აღნიშნა, რომ გამოხატვის თავისუფლება ვრცელდება არა მხოლოდ იმ „ინფორმაციისა“ და „იდეების“ მიმართ, რომლებიც კეთილგანწყობით მიიღება, არაშეურაცხმყოფელად არის მიჩნეული ან ინდიფერენტული დამოკიდებულების საგანია, არამედ იმათ მიმართაც, რომლებიც შეურაცხმყოფელი, გამაოგნებელი ან შემაშფოთებელია. ამიტომ გამოხატვის თავისუფლების ნებისმიერი შეზღუდვა მკაცრად უნდა იყოს განსაზღვრული და მისი გამოყენების საჭიროება სარწმუნოდ დადასტურებული. შეზღუდვის გამოყენება უნდა იყოს „აუცილებელი“ დემოკრატიულ საზოგადოებაში სხვა პირთა რეპუტაციის დასაცავად. „აუცილებელი“ კი, სასამართლოს განმარტებით, ნიშნავს „მწვავე საზოგადოებრივ საჭიროებას“ (Handyside v. the United Kingdom (7 December 1976, Series A no. 24), Stoll v. Switzerland ([GC] no. 69698/01, § 101, ECHR 2007-V); Animal Defenders International v. the United Kingdom [GC], no. 48876/08, § 100, ECHR 2013; Morice v. France [GC], no. 29369/10, § 124, 23 April 2015).
ასევე, ერთმანეთისაგან განასხვავა რა ინფორმაცია (ფაქტები) და შეხედულებები (შეფასებითი მსჯელობა), ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ და განაცხადა, რომ „ფაქტების არსებობა შეიძლება დამტკიცებულ იქნეს, მაშინ, როდესაც შეფასებითი მსჯელობის ნამდვილობა არ ექვემდებარება მტკიცებას. რაც შეეხება შეფასებით მსჯელობას, ამ მოთხოვნის შესრულება შეუძლებელია და იგი თავისთავად ხელყოფს შეხედულებების თავისუფლებას, რაც წარმოადგენს კონვენციის მე-10 მუხლით გათვალისწინებული უფლების ფუნდამენტურ ნაწილს“ (Lingens v. Austria, 1986 w.; Jerusalem v. Austria, 2001 w.; Dichand and Others v. Austria, 2002 w).
საქმეზე ჯიშკარიანი საქართველოს წინააღმდეგ (საჩივარი № 18925/09. 20 სექტემბერი, 2018 წელი) ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ერთმანეთისგან განასხვავა ფაქტის შემცველი განცხადება და შეფასებითი მსჯელობა. აღნიშნულის მიხედვით ფაქტის არსებობის დადასტურება შესაძლებელია, მაშინ როდესაც შეფასებითი მსჯელობის ნამდვილობა შეუძლებელია მტკიცების საგანი იყოს. შეფასების ნამდვილობის დამტკიცების მოთხოვნის შესრულება შეუძლებელია და ის არღვევს თავად გამოხატვის თავისუფლების არსს, რაც კონვენციის მე-10 მუხლით გათვალისწინებული უფლების ფუნდამენტური ნაწილია. თუმცა, მაშინაც კი, როცა განცხადება შეფასებით მსჯელობად არის მიჩნეული, უნდა არსებობდეს ასეთი შეფასების საკმარისი „ფაქტობრივი საფუძველი’’, წინააღმდეგ შემთხვევაში შეფასება შეიძლება გასცდეს პრივილეგიით დაცულ ზღვარს და „გადაჭარბებულად“ იქნას მიჩნეული.
ამდენად, სასმართლოს განხილვის საგანი და ცილისწამებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი შეიძლება გახდეს მხოლოდ ისეთი განცხადება, რომელიც შეიცავს უშუალოდ მოსარჩელის შესახებ, მისი პატივისა და ღირსების, საქმიანი რეპუტაციის შემლახველ, არსებითად მცდარი ფაქტის შემცველ ინფორმაციას. შესაბამისად, სასამართლო განმარტავს, რომ ცილისწამება არის ერთდროულად არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირისათვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი განცხადება. ერთ-ერთი კომპონენტის არარსებობა გამორიცხავს გავრცელებული განცხადებისათვის პირის რაიმე სახის პასუხისმგებლობას. მოცემულ შემთხვევაში, ისეთ პირობებში, როდესაც თავად სადავო გამონათქვამები სასამართლოს მიერ მიჩნეულია აზრის გადმოცემად, შეფასებად, რაც კანონით დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით და არა არსებითად მცდარი ფაქტის შემცველ ინფორმაციად, სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა მოპასუხეთათვის სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი“ – ნათქვამია სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები