პროკურატურამ მოხელის მიერ ჩადენილი არასათანადო მოპყრობის შესახებ რეკომენდაციის შესრულების მონიტორინგის ანგარიში გამოაქვეყნა

პროკურატურამ მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ჩადენილი არასათანადო მოპყრობის ფაქტების კვალიფიკაციის შესახებ რეკომენდაციის შესრულების მონიტორინგის ანგარიში გამოაქვეყნა. აღნიშნულ ანგარიშს „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ:
„საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოში პროკურორებისთვის მომზადდა რეკომენდაცია მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირების მიერ ჩადენილი არასათანადო მოპყრობის ფაქტების სათანადო კვალიფიკაციის შესახებ. დოკუმენტში მიმოხილულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333, 1441, 1442, 1443 მუხლების გამიჯვნასთან დაკავშირებული პრობლემური საკითხები, არასათანადო მოპყრობის კვალიფიკაციის კუთხით საქართველოს საერთო სასამართლოების პრაქტიკაში არსებული ხარვეზები და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი ძირითადი სტანდარტები.
რეკომენდაციის მიზანია, პროკურატურის თანამშრომლებს არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე გამოძიების დაწყებისას კვალიფიკაციის განსაზღვრა და შემდგომში გამოძიების ეფექტიანი სტრატეგიის დაგეგმვა გაუადვილდეთ. ევროპის საბჭოს ექსპერტის მიერ დადებითად შეფასებული რეკომენდაცია, მისი შენიშვნების და წინადადებების გათვალისწინებით, 2017 წლის 10 მარტს, პრაქტიკაში გამოყენების მიზნით, პროკურორებს დაეგზავნათ.
2018 წელს განხორციელდა მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ჩადენილი არასათანადო მოპყრობის ფაქტების კვალიფიკაციის შესახებ რეკომენდაციის შესრულების მონიტორინგი. საანგარიშო პერიოდი მოიცავდა 2017 წლის 10 თვეს და 2018 წლის 11 თვეს. მონიტორინგის შედეგად პროკურორები პრაქტიკაში აქტიურად იყენებენ სახელმძღვანელო პრინციპებს, წინა წლებთან შედარებით მნიშვნელოვნად არის გაზრდილი არასათანადო მოპყრობის ფაქტების სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია და სისხლისსამართლებრივი დევნის მაჩვენებელი. ამასთან, არასათანადო მოპყრობის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, საქართველოს პროკურატურის შესაბამის საგამოძიებო ნაწილში დაუყოვნებლივ იწყება გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე. შემჭიდროვებულ ვადებში ტარდება ყველა შესაძლო საგამოძიებო მოქმედება, მოწმეთა დაკითხვა, ამოცნობა, ჩხრეკა-ამოღება, დოკუმენტაციის გამოთხოვა, ექსპერტიზების დანიშვნა და ჩატარება, ვიდეოჩანაწერების ამოღება და ა.შ“,- ნათქვამია პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები