ოთარ კახიძე: რეალურად უნდა გადაიდგას ნაბიჯები, რომ საზოგადოებას დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო ეღირსოს

“პროცედურები კი არა, სასამართლოს სისტემის ძირეული რეფორმაა დასაწყები. ნაბიჯების გადადგმა რეალურად უნდა დაიწყოს, რომ ჩვენს საზოგადოებას ბოლოსდაბოლოს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მართლმსაჯულების სისტემა ეღირსოს”, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა, ოთარ კახიძემ განაცხადა.
როგორც მან დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, „ევროპულ საქართველოს“ წინადადებების კონკრეტული პაკეტი აქვს, თუ როგორ უნდა მოხდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმირება.
„იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, გუშინ, ლევან მურუსიძე მოსამართლედ უვადოდ დაამტკიცა. ეს გადაწყვეტილება მიიღო არამხოლოდ სასამართლოს მმართველმა ჯგუფმა, რომელიც მართლმსაჯულების სისტემას ივანიშვილის დაქვემდებარებაში ამყოფებს, არამედ მათთან ერთად მურუსიძის უვადოდ დანიშვნას ხმა „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ დამტკიცებულმა წევრებმა – ხარებავამ, გზირიშვილმა და ქადაგიძემ მისცეს.
ესენი ის პირები არიან, რომლებიც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პარლამენტმა და „ქართულმა ოცნებამ“ განაწესა. მინდა, „ქართულ ოცნებას“ მივმართო, ეს პოლიტიკური პასუხისმგებლობა გაიაზრონ. ალიანსი, რომელიც მათ სასამართლოს მმართველ ჯგუფთან გააფორმეს, საზოგადოებას რაღაც კოსმეტიკურ გადაწყვეტილებებს კი ნუ სთავაზობს, რომ მოსამართლეთა სიის დამტკიცება დროებით საგაზაფხულო სესიისთვის გადაიდო და რაღაც პროცედურები უნდა გაიწეროს.
„ევროპულ საქართველოს“ წინადადებების კონკრეტული პაკეტი აქვს, თუ როგორ უნდა მოხდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმირება, იუსტიციის უმაღლესი სკოლის ჩამოყალიბება, ჩვენ აუცილებლად სპეციალისტები და ყოფილი მოსამართლეები უნდა მოვიწვიოთ დემოკრატიული ტრადიციების მქონე ქვეყნებიდან და იმ ნაბიჯების გადადგმა დავიწყოთ, რომელიც აუცილებელია. ის ტენდენცია, რომელიც ახლა გვაქვს, თუ ასე გაგრძელდა, ჩვენ გამოუსწორებელ მდგომარეობას მივიღებთ. უვადოდ დანიშნულ მოსამართლეთა ისეთ კორპუსს მივიღებთ, რომლებიც სასამართლოში მდგომარეობას დღითიდღე გააუარესებს. ეს არის ჯგუფი, რომელიც ხელისუფლების მორჩილი იყო, როგორც წინა ხელისუფლების დროს, ისე ახალი ხელისუფლების პირობებში. ეს არის ჯგუფი, რომელმაც დამოუკიდებელი მართლმსაჯულების იდეა პრაქტიკულად დაასამარა“, – აცხადებს ოთარ კახიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები