სოფო კილაძე: ეკა ბესელიას თანამდებობის დატოვების უკან, ნათელია რაც დგას
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოფო კილაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ეკა ბესელიას თანამდებობის დატოვების საკითხზე მედია ადრეც საუბრობდა.
მისივე თქმით, მოსაწონია თუ არა, ყველამ უნდა გამოხატოს თავისი პოზიცია.
„ახლა გავიგე, რატომ გავიდა სალომე სამადაშვილი იურიდიული კომიტეტიდან, რადგან კომიტეტის თავმჯდომარე არ აძლევს საუბრის უფლებას რიგის მიხედვით. ჩვენ მოგვწონს, თუ არ მოგვწონს, ადამიანის მოსაზრება ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში, ასე არის, რომ ყველა ადამიანს ეძლევა აზრის გამოხატვის საშუალება.
შეგიძლიათ, დასერჩოთ „გუგლში“ და პირდაპირ ამოაგდებს ჟურნალისტების სტატიებს, სადაც ამაზე იყო საუბარი. რატომ ხდება ამ საკითხის დაკავშირება მოსამართლეების თემასთან, ეს ყოვლად გაუგებარია. გაუგებარი კი არა, გასაგები თემაა. ძალიან ნათელია ამ კონკრეტული თემების უკან, რაც დგას”, – აღნიშნა სოფო კილაძემ.
მანამდე კი, კომიტეტის სხდომაზე სოფო კილაძემ სიტყვით გამოსვლა მოითხოვა, ბესელიამ კი მას დამშვიდებისკენ მოუწოდა.
შეგახსნებთ, რომ ეკა ბესელიამ კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა დღეს დატოვა.