გედევან ფოფხაძე: მიმაჩნია, რომ ეკა ბესელიამ ძალიან პრინციპული გადაწყვეტილება მიიღო

მიმაჩნია, რომ ეს ეკა ბესელიას ძალიან პრინციპული გადაწყვეტილებაა, რომელიც დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის მომავალთან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ განაცხადა.
ფოფხაძემ ეკა ბესელიას მიერ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილებაზე გააკეთა კომენტარი.
„მიმაჩნია, რომ ეს ეკა ბესელიას ძალიან პრინციპული გადაწყვეტილებაა. ეს გადაწყვეტილება დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის მომავალთან. არ შეიძლება ქართული მარლთმსაჯულება ჩავუგდოთ საეჭვო გზით არჩეულ საეჭვო ადამიანებს. პროცესი უნდა ყოფილიყო გაწერილი და პასუხისმგებლობის გრძნობით მოვპყრობოდით ამ საკითხს. არავითარ შემთხვევაში კომიტეტის სხდომა არ შეიძლებოდა ჩატარებულიყო ამ კვირაში და ეკა ბესელია იყო ადამიანი, რომელმაც უზრუნველყო ის, რომ მოსმართლეთა შერჩევის დაჩქარებული პროცედურა ვერ განხორციელებულიყო. ეს არის მაღალი მორალური სტანდარტით და ქვეყნის მომავალი ინტერესებით ნაკარნახევი გადაწყვეტილება“, –განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა და გადაწყვეტილება შემდეგნაირად განმარტა:
„ფიქრის შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა. ამ გადაწყვეტილებით გუშინ შევაჩერეთ პროცესი, რომელიც მიმაჩნია, რომ იყო ძალიან საზიანო და ეხება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის ნაჩქარევ და გაუმართლებელ პროცესს. ეს გადაწყვეტილება მივიღე იმიტომ, რომ საზოგადოებას მიეცეს საშუალება, პროცესი იხილოს გამჭვირვალე და იყოს ჩართული მოსამართლეების მაღალი რეპუტაციის მქონე პირების გამოკვეთასა და მათ შერჩევაში”, – განაცხადა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები