“ჩვენი ამოცანაა, რომ 2018-2020 წლებში მეწარმეებმა დღგ-ს დაბრუნების რეფორმის ფარგლებში 1,5 მილიარდი ლარი დაიბრუნონ”
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დღეს, მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე სამუშაო ადგილების შექმნაზე გაამახვილა ყურადღება. როგორც მან განაცხადა, მნიშვნელოვანი პროექტებია იმისათვის, რომ ქვეყანაში არსებული კომპანიები უფრო კონკურენტუნარიანები გახდნენ.
მისივე თქმით, დღგ-ს დაბრუნების რეფორმა მომავალ წელსაც გაგრძელდება.
„ის ახალი საბაჟო კოდექსი, რომელიც ამოქმედდება 2018 წელს, ის სასტარტო კაპიტალის რეფორმა, ის დაზღვევის ინსტრუმენტები, რომლებიც ჩვენ ევროკავშირთან ერთად შევიმუშავეთ, ის ექსპორტის წამახალისებელი პროგრამები, ორიენტირებული იქნება სწორედ იმაზე, რომ მცირე და საშუალო ბიზნესმა უფრო მეტი სამუშაო ადგილის გენერირება შეძლოს. ჩვენი ამოცანაა, რომ ყოველწლიურად 50-60 ათასი სამუშაო ადგილის შექმნა შევძლოთ. მე ვისურვებდი, რომ ამ სამუშაო ადგილების დიდი ნაწილი სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესზე მოდიოდეს.
ჩვენი ბაზარი საკმაოდ მცირეა იმისთვის, რომ ბიზნესმა აქტიური განვითარება შეძლოს, ამიტომ ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი პროექტები, რომ გავხადოთ ჩვენი კომპანიები უფრო კონკურენტუნარიანი. მაგალითისთვის შემიძლია დაგისახელოთ ლოგისტიკა, რომელიც საქართველოში მეწარმეებისთვის ჯერ კიდევ საკმაოდ მსხვილ ხარჯად რჩება. თუ გადახედავთ საერთაშორისო რეიტინგებს, სწორედ ამ პოზიციაში გვაქვს ჩვენ დიდი პოტენციალი. საგადასახადო პოლიტიკა იქნება მაქსიმალურად ლიბერალური. ჩვენ წარვადგინეთ ინიციატივები, რომ ე.წ. დრაკონული წესები ჯარიმებისა და საურავების დაწესების მიმართულებით, შეიცვალოს. დღგ-ს დაბრუნების რეფორმის ფარგლებში წელს ქართველ მეწარმეებს ნახევარ მილიარდზე მეტი დაუბრუნდათ. ამ პროგრამას მომავალ წელსაც გავაგრძელებთ, ჩვენი ამოცანაა, რომ 2018-2020 წლების განმავლობაში ჩვენმა მეწარმეებმა 1,5 მილიარდი ლარი დაიბრუნონ“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.