ეკა ბესელია: იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას ვანო ზარდიაშვილს ვერ დავუტოვებდი

„იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას ვანო ზარდიაშვილს ვერ დავუტოვებდი“, – ამის შესახებ დეპუტატმა, ეკა ბესელიამ განაცხადა, რომელმაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა დღეს დატოვა.
როგორც ბესელიამ ბრიფინგზე განმარტა, იგი კომიტეტის თავმჯდომარის უკვე ყოფილი მოადგილის, ვანო ზარდიაშვილის გადადგომაზე განცხადებას ელოდა.
„რატომ არ გავაკეთე ეს განცხადება გუშინ. მე ველოდებოდი და დღეს მივიღე განცხადება ვანო ზარდიაშვილის გადადგომის თაობაზე. იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას მე ვერ დავუტოვებდი ამ ადამიანს. ეს განცხადება მივიღე დღეს და ამის შემდეგ ვაკეთებ მე განცხადებას გადადგომის შესახებ“, – განაცხადა ბესელიამ.
ამასთან, ბესელიას თქმით, მისი გადადგომით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის გაუმართლებელი პროცესი შეჩერდა.
„ფიქრის შემდეგ, მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა. ამ გადაწყვეტილებით გუშინ შევაჩერეთ პროცესი, რომელიც მიმაჩნია, იყო ძალიან საზიანო და ეხება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის ნაჩქარევ და გაუმართლებელ პროცესს. ეს გადაწყვეტილება მივიღე იმიტომ, რომ საზოგადოებას მიეცეს საშუალება, იხილოს გამჭვირვალე პროცესი და იყოს ჩართული მოსამართლეების, მაღალი რეპუტაციის მქონე პირების გამოკვეთაში და მათ შერჩევაში. ეს პროცესი უნდა იყოს უცილობლივ კრიტერიუმებით დადგენილი წესით“, – განაცხადა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები