ეკა ბესელია: მიმაჩნია, რომ უზენაეს სასამართლოს უნდა ჰყავდეს ის მოსამართლეები, რომლებიც არ ემსახურებოდნენ სააკაშვილის ძალადობრივ რეჟიმს
„ჩემი გადადგომის გადაწყვეტილებით შევაჩერეთ პროცესი, რომელიც მიმაჩნია, იყო ძალიან საზიანო და ეხება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის ნაჩქარევ და გაუმართლებელ პროცესს“, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელმა, ეკა ბესელიამ ბრიფინგზე განაცხადა.
ბესელია განმარტავს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატთა სია უნდა იყოს გაწვეული და არა შეჩერებული.
„ფიქრის შემდეგ, მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა. ამ გადაწყვეტილებით გუშინ შევაჩერეთ პროცესი, რომელიც მიმაჩნია, იყო ძალიან საზიანო და ეხება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის ნაჩქარევ და გაუმართლებელ პროცესს. ეს გადაწყვეტილება მივიღე იმიტომ, რომ საზოგადოებას მიეცეს საშუალება, იხილოს გამჭვირვალე პროცესი და იყოს ჩართული მოსამართლეების, მაღალი რეპუტაციის მქონე პირების გამოკვეთაში და მათ შერჩევაში. ეს პროცესი უნდა იყოს უცილობლად კრიტერიუმებით დადგენილი წესით. უნდა იყოს ყველა პროცედურა გაწერილი. სიაში არიან ადამიანები, რომლებიც არამხოლოდ ჩემი შვილის და ძმის პოლიტიკური საქმის მოსამართლეები იყვნენ, სიაში არიან ადამიანები, რომლებიც ჩემი თანამებრძოლების პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე იყვნენ მოსამართლეები.
მიმაჩნია, მიმაჩნდა და ყოველთვის ეს განწყობა მექნება, რომ უზენაეს სასამართლოს უნდა ჰყავდეს ის მოსამართლეები, მაღალი კვალიფიკაციის და ისეთი რეპუტაციის მქონე იურისტები, რომლებიც არ ემსახურებოდნენ სააკაშვილის ძალადობრივ რეჟიმს“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
დეპუტატის თქმით, მისი მთავარი იდეალი ყოველთვის იყო და იქნება სამართლიანობისთვის ბრძოლა.
ამასთან, ეკა ბესელიამ განმარტა, რატომ არ გააკეთა გადადგომაზე განცხადება გუშინ და აღნიშნა, რომ ის მისი უკვე ყოფილი მოადგილის, ვანო ზარდიაშვილის თანამდებობის დატოვებაზე განცხადებას ელოდა.
„რატომ არ გავაკეთე ეს განცხადება გუშინ. მე ველოდებოდი და დღეს მივიღე განცხადება ვანო ზარდიაშვილის გადადგომის თაობაზე. იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას მე ვერ დავუტოვებდი ამ ადამიანს. ეს განცხადება მივიღე დღეს და ამის შემდეგ ვაკეთებ მე განცხადებას გადადგომის შესახებ“, – განაცხადა ბესელიამ.
მან იმედი გამოთქვა, რომ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი თავმჯდომარედ ღირსეულ კანდიდატურას დაამტკიცებს.
„ვიტოვებ იმედს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი კომიტეტი შეარჩევს და შემდეგ პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას ისეთი კანდიდატის თაობაზე, რომელიც თავმჯდომარე იქნება ამ კომიტეტის, რომელიც ასევე, დაიცავს პრინციპებს, იქნება შეუვალი, სამართლიანი, ძალიან ღირსეული და ფასეულობების დამცველი“, – აღნიშნა ეკა ბესელიამ.