ლევან გოგიჩაიშვილი: ეკა ბესელიას გადაწყვეტილება დასაფასებელია
უმრავლესობის წევრი ლევან გოგიჩაიშვილი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას თანამდებობის დატოვების საკითხს გამოეხმაურა. როგორც მან აღნიშნა, ბესელიას გადაწყვეტილება დასაფასებელია.
ხოლო რაც შეეხება იმას, თუ ვინ დაიკავებს აღნიშნულ თანამდებობას, გოგიჩაიშვილის თქმით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გარკვეული კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილოს.
“ეკა ბესელიამ განმარტა, თუ რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება. ეს დასაფასებელია. გუშინდელი სია პარლამენტში ჩავარდა, შესაბამისად განცხადება, რომ პარლამენტმა გადადო საკითხი, მოდიოდა იურიდიული კომიტეტიდან. კომიტეტზე ეს საკითხი არ გავიდოდა და ეს იყო პრინციპული გადაწყვეტილება. მნიშვნელოვანია ის პროცესი, რაც უნდა დაიწყოს მოსამართლეობის შერჩევასთან დაკავშირებით. იურიდიული კომიტეტის მოვალეობის შემსრულებელს ავირჩევთ, ვინც პრინციპულად დაიცავს და აირჩევს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით, შესაბამისი პროცედურების დაცვით, სამუშაო ჯგუფის შექმნით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს. ეს იქნება მთავარი კრიტერიუმი, როგორი უნდა იყოს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე. ვინ იქნება ასეთი პიროვნება ამაზე გუნდი იმსჯელებს. ჩვენ ავირჩევთ ისეთ პიროვნებას, რომელიც არ დაუჭერს მხარს ჩინჩალაძის მოსამართლეობის საკითხს”, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.
ცნობისათვის, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა ეკა ბესელიამ დატოვა.
გავრცელებული ინფორმაციით, თანამდებობა მისმა პირველმა მოადგილემ, ვანო ზარდიაშვილმაც დატოვა.