„ეკონომიკის მინისტრისგან მინდოდა გამეგო ის, თუ რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ მდგომაროება უკეთესი იყო

ეკონომიკის მინისტრისგან მინდოდა, გამეგონა არა ის შეფასებები, რომელიც მან გააკეთა, არამედ ის, თუ რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ მდგომაროება უკეთესი იყოს, – ამის შესახებ ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში დემურ გიორხელიძემ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
გიორხელიძე ეკონომიკის მინისტრის, გიორგი ქობულიას საპარლამენტო გამოსვლას გამოეხმაურა.
„პოლიტიკური თვალსაზრისით, მისი გამოსვლა სწორი არ იყო, მიუხედავად იმისა, რომ რაღაც მომენტები, რა თქმა უნდა, სწორი იყო, ამაზე შევჩერდებით, მაგრამ ძირითადად, ქვეყანაში არსებულ მდგომარეობასთან მიმართებაში პოლიტიკურად სწორი პოზიციონირება მას არ ჰქონდა. ამას უფრო მეტი ზიანის მოტანა შეუძლია „ქართული ოცნებისთვის“, ვიდრე იმას, რომ რაღაც უზუსტოდ თქვა. რაც შეეხება სისწორეს – მე არაერთხელ მითქვამს და ვიმეორებ ახლაც, რომ როდესაც მშვიდობიანი პერიოდია, როცა ხელისუფლება მოძალადე არ არის და ქუჩაში ხალხს არ კლავს, ბიზნესს არ ატერორებს, თავისთავად, ადამიანები საქმიანობას ააქტიურებენ, გაუმჯობესებები ნელი, მაგრამ მაინც არის. ის გაუმჯობესებები, რომლებიც საქართველოშია, სულ რომ არ იყოს ხელისუფლება, მაინც იქნება, თუ რა თქმა უნდა, ვიღაც მტარვალი არ მოევლინა ქვეყანას და არ დაატერორა. 5-პროცენტიანი ზრდა არის.  არის თუ არა საკმარისი 5-პროცენტიანი ზრდა სიღარიბესა და უმუშევრობაში დამხრჩვალი ქვეყნისათვის, როცა მიგრაცია უზარმაზარია და არც პოლიტიკა ჩანს, რომლითაც შესაძლებელი იქნება ისეთი გარემოს შექმნა, როდესაც ადამიანმა, რომელსაც უნდა საქმიანობა, დაიწყოს ეკონომიკური საქმიანობა.
ეკონომიკის მინისტრისგან მინდოდა გამეგონა არა ის შეფასებები, რომელიც მან გააკეთა, არამედ ის, თუ რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ მდგომარება უკეთესი იყოს. ის რომ ჩვენ, თურმე ვიზრდებით 4-5-%-ით და ეს კარგია, უკვე ჩიხში ვართ, იმიტომ რომ ეს კარგი არ არის. 4-5 %-იანი ზრდა ნამდვილად შესანიშნავია ამერიკის, გერმანიის ეკონომიკისთვის, იმიტომ რომ ძალიან დიდი ეკონომიებია. ჩვენ კი ვართ მიზერული ეკონომიკა, რომელსაც თავისი რესურსები არ აქვს სწორად გამოყენებული.
შეფასება, რომ სამუშაო ადგილები შეიქმნა და ამით კმაყოფილები უნდა ვიყოთ, არ არის კარგი, იმიტომ რომ სამუშაო ადგილები მშვიდობიან პერიოდში, თავისთავად, ნელ-ნელა იქმნება. ეს ტემპი არის აბსოლუტურად მიუღებელი. ჩვენ გვაქვს უზარმაზარი, ფარული უმუშევრობა, ესენი არიან ე.წ. თვითდასაქმებულები“, – განაცხადა გიორხელიძემ.
შეგახსენებთ, გიორგი ქობულიამ დეპუტატებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გაწეული საქმიანობის შედეგები, სამომავლო გეგმები და ეკონომიკური განვითარების საკუთარი ხედვა 2 დღის წინ გააცნო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები