ბიბილოვი – “სატრანზიტო გზის გახსნისას სამხრეთ ოსეთი რუსეთის და საქართველოს თანაბარუფლებიანი პარტნიორი იქნება”
ე.წ. სამხრეთ ოსეთი პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის, განცხადებით, როგორც კი ე.წ. სამხრეთ ოსეთში სატრანზიტო გზა გაიხსნება ის რუსეთის და საქართველოს თანაბარუფლებიანი პარტნიორი გახდება.
“ჩვენი რესპუბლიკა იქნება თანაბარუფლებიანი პარტნიორი იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც დაინტერესებულები არიან სატრანზიტო გზის გაყვანაში სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე. არავითარი სხვა ვარიანტი არ არსებობს”, – განაცხადა ბიბილოვმა.
მისივე თქმით, იმ მოლაპარაკებებში, რომლებიც შესაბამისი პროექტის რეალიზებისთვის უნდა შედგეს ე.წ. სამხრეთ ოსეთი აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას როგორც “დამოუკიდებელი ქვეყანა”.
“არის სამი მხარე – სამხრეთ ოსეთი, რუსეთი და საქართველო რომლებმაც უნდა იქონიონ ერთნაირი მიდგომები იმ გზებისადმი, რომლებიც ჩვენს რესპუბლიკასა და საქართველოზე გადის და რუსეთის ტერიტორიაზე შედის. ჩვენ უყოყმანოდ მზად ვართ განვიხილოთ სატრანზიტო გზის გახსნის საკითხი, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ სამხრეთ ოსეთი მონაწილეობას მიიღებს როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, სხვანაირად არა”, – აცხადებს ბიბილოვი.