ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხესულორში არქეოლოგიური კვლევა-ძიების სამუშაოები ჩატარდა
2018 წლის 8 აგვისტოდან 28 აგვისტოს ჩათვლით, ,,ბაგინეთ +“-მა ვანის მუნიციპალიტეტის სოფ. ციხესულორში არქეოლოგიური კვლევა-ძიების სამუშაოები აწარმოა
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2018 წელს არქეოლოგიური ექსპედიციისათვის გათხრები სოფ. ციხესულორში წარმოადგენდა საველე კვლევა-ძიების მე-6 სეზონს. ექსპედიციის ხელმძღვანელი იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი – გურამ ყიფიანი.
საანგარიშო წელს არქეოლოგიური გათხრებისათვის სოფ. ციხესულორში, წინასწარულად სამი არეალი მოინიშნა. ყორღანოს მთის სამხრეთ-დასავლეთის კალთა, ამავე მთის აღმოსავლეთი არე და წინა წლებში გამოვლენილი რომაული თერმების მიმდებარე ტერიტორია. განსაკუთრებული ყურადღება მიეპყრო ყორღანოს მთის სამხრეთ-დასავლეთის არეს მრავალი მიზეზის გამო: ყორღანოს მთა უმაღლესი პუნქტია (ზღვის დონიდან 224მ-ი) მდინარეების ყუმურისა და სულორ-ჭიშურას ქვედა დინებებს შორის, ანუ სოფ. ციხესულორისათვის. წინა ანგარიშებიდან დადასტურდა, რომ ეს სოფელი გადაჰფარავს პლინიუს უფროსის (ახ. წ. Iს.) და კლავდიოს პტოლემაიოსის (ახ. წ. IIს.) მიერ დასახელებულ კოლხეთის მძლავრ საქალაქო სივრცეს – ქალაქ სურიუმს. შესაბამისად ამ ქალაქისათვის ეს ,,მთა“ აკროპოლისად მოიაზრება. ამას გარდა, მოგვიანებით XIX ს-ში, ამ მთის ჩრდილო ფერდობი ადგილობრივმა მოსახლეობამ სასაფლაოდ დაიმკვიდრა და იგი დღესაც ფუნქციონირებს. სასაფლაოს ინტენსივობა აქ მთლიანად სპობს მძლავრ კულტურულ ფენებს, რომლის შესახებაც წინა წლის ანგარიშებში იქნა აღნიშნული.
საანგარიშო წელს ძირითადი ყურადღება ექსპედიციამ სწორედ ამ უბანს მიაპყრო. გამოვლინდა საკმაოდ მძლავრი კულტურული ფენები, როგორც ძვ. წ. V-IVსს-ების, ასევე ელინისტური ხანისათვის დამახასიათებელი კერამიკული მასალა: კოლხური სასმისების, ქვევრების, ჯამებისა და ქოთნების ფრაგმენტები. უმეტეს შემთხვევებში დადგინდა მათი რადიუსები და შესაბამისად მოცულობანიც. ამავე დროს, სტრატიგრაფიამ ელინისტური ხანის მასალაც დაადასტურა, ძირითადად – კოლხური და იმპორტული ამფორების სახით. ჰუმუსური ფენის მოხსნის შემდეგ დამწვარი ბათქაშის 20-25სმ-ის სისქის ფენა გამოვლინდა, თუმცა ძელების კვალი გამქრალი იყო და ნაგებობათა გეგმები ვერ დადგინდა.