პაატა ცინცაძე: ბუნებრივი გაზის ტარიფის შემცირება მოსახლეობაზე დადებითად აისახება
ბუნებრივი აირის ტარიფის შემცირებას ჰიდროენერგეტიკოსი პაატა ცინცაძე დადებითად აფასებს. მისი თქმით, ტარიფის შემცირება მომხმარებლისთვის კარგია.
„ბუნებრივი აირის ტარიფის შემცირება, როგორც არ უნდა მოხდეს ეს, მომხმარებლისთვის კარგია. თუმცა, კარგი იქნება, მომავალში გაზის ტარიფი მხოლოდ იმ ხალხს თუ შეუმცირდება, ვისაც ძალიან უჭირს. ვგულისხმობ, იმ ბაზას, რომელიც აქვს სახელმწიფოს, სოციალურად დაუცველების და ა.შ. მათ მდგომარეობაზე ტარიფის შემცირება უფრო დადებითად აისახება”, – განაცხადა პაატა ცინცაძემ.
სემეკის გადაწყვეტილებით, თბილისსა და რეგიონებში ბუნებრივი აირის სამომხმარებლო ტარიფი მცირდება – დედაქალაქში ცვლილება 0.014 თეთრს შეადგენს, იმ რეგიონებში, სადაც „სოკარ ჯორჯია გაზი” ოპერირებს, გაზის სამომხმარებლო ტარიფი – 0.011 თეთრით, იმ რეგიონებში კი, სადაც „საქორგაზი” ოპერირებს, ტარიფი 0.012 თეთრით მცირდება. სემეკის მიერ განსაზღვრული ახალი ტარიფები ძალაში იქნება 2019 წლის 1-ლი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით.