სემეკი ხვალ გაზის ტარიფების დადგენაზე იმსჯელებს
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) 26 დეკემბრის საჯარო სხდომაზე ბუნებრივი გაზის ტარიფების დადგენაზე იმსჯელებს.
კერძოდ, საკითხი შეეხება შპს „ყაზტრანსგაზ თბილისისთვის“, შპს „სოკარ ჯორჯია გაზისთვის“ და სს „საქორგგაზისთვის“ ბუნებრივი გაზის მიწოდების, განაწილების, გატარების და მოხმარების 2019 წლის ტარიფების დადგენას.
ტარიფების გეგმიური დადგენის მიზნით, სემეკმა საჯარო ადმინისტრაციული წარმოებები მიდინარე წლის ივლისში დაიწყო. სატარიფო საკითხებზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოებების დაწყება განპირობებული იყო იმით, რომ ზემოაღნიშნულ კომპანიებს ტარიფები დადგენილი აქვთ 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით და შესაბამისად, მათ ტარიფები უნდა დაუდგინდეთ მომდევნო საანგარიშო პერიოდისთვის.
საჯარო სხდომა 12:00 სთ-ზე დაიწყება და მასზე დასწრება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.