თეა წულუკიანის ყოფილი მოადგილე „თავისუფალი დემოკრატების” წევრი გახდა

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის ყოფილი მოადგილე, იურისტი ალექსანდრე ბარამიძე პარტია „თავისუფალი დემოკრატების” წევრი გახდა, – ამის შესახებ ინფორმაციას თავად პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
„სანდრო ბარამიძეს კარგად იცნობს ქართული საზოგადოება. ის გახლავთ უმაღლესი კვალიფიკაციის იურისტი, დემოკრატიული ფასეულობების, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების სიღრმისეულად მცოდნე და ჭეშმარიტი დამცველი. „თავისუფალ დემოკრატებს” და სანდრო ბარამიძეს სრული ღირებულებითი თავსდებადობა და ბიოგრაფიული მსგავსებაც გვაკავშირებს.
ჩვენთვის ერთნაირად მიუღებელი გახდა წინა ხელისუფლების ძალმომრეობა საკუთარ მოქალაქეებზე და „თავისუფალმა დემოკრატებმა”, როგორც პოლიტიკურმა ძალამ, ხოლო სანდრო ბარამიძემ, როგორც კვალიფიციურმა სპეციალისტმა და პრინციპულმა პიროვნებამ, კოალიცია „ქართული ოცნების” რიგებში გაერთიანებულებმა, ჩვენ ჩვენი წვლილი შევიტანეთ სამართლის გზას აცდენილი ხელისუფლების მშვიდობიანად შეცვლაში. მაგრამ, როდესაც ნათელი გახდა, რომ „ქართული ოცნების” ხელისუფლებამაც გადაუხვია დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს შენების გზას, „თავისუფალმა დემოკრატებმა” შედარებით ადრე, ხოლო სანდრო ბარამიძემ ცოტა მოგვიანებით, უარი ვთქვით ხელისუფლებაში ყოფნაზე და არადემოკრატიული ხელისუფლების ოპონირებით გადავწყვიტეთ ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის სამსახურში დარჩენა.
„თავისუფალი დემოკრატები” მივესალმებით ალექსანდრე ბარამიძის ჩვენს გუნდში შემოერთებას და გვჯერა, რომ მასთან ერთად კიდევ უფრო ეფექტიანად გავაგრძელებთ ბრძოლას ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ და სამართლებრივ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებისათვის, მისი ევროატლანტიკური ინტეგრაციისათვის, ჩვენი სახელმწიფოს დაცულობის, მისი მოქალაქეების სიმშვიდისა და კეთილდღეობისათვის“,- ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები