გიორგი ბეგაძე: ჩვენი ქვეყნისთვის ტურიზმის მდგრადი განვითარება მნიშვნელოვანია

დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის პირველმა მოადგილე გიორგი ბეგაძე მიიჩნევს, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ტურიზმის განვითარება მნიშვნელოვანია. მისივე თქმით, მომავალმა კანონპროექტმა უნდა უზრუნველყოს ქვეყანაში ტურიზმის მდგრადი განვითარება, კულტურული და ბუნებრივი რესურსების დაცვა და შემდგომი ყოველივე ამის პოპულარიზაცია.
„ჩვენი ქვეყნისთვის ტურიზმის მდგრადი განვითარებაა მნიშვნელოვანი, მით უმეტეს, რომ ტურიზმი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი მზარდი ინდუსტრიაა.
დღევანდელი კანონმდებლობა ვეღარ პასუხობს განვითარების ამ ეტაპს, ტურიზმს მდგრადი განვითარებისთვის სჭირდება შემდგომი მხარდაჭერა, მათ შორის, საკანონმდებლო მხარდაჭერა. ვფიქრობ დადგა დრო, ვიმსჯელოთ ყველა დაინტერესებული მხარის აქტიური ჩართულობით, ყველა იმ საკითხზე და გამოწვევებზე, რაც ამ დარგში დგას.
რაც შეეხება მომავალ კანონპროექტს, რომელიც ფართო დისკუსიის საგანი უნდა გახდეს, ვფიქრობ, უნდა იყოს ეფექტური, იმისათვის, რომ კანონმდებლობამ პირველ რიგში, უზრუნველყოს ქვეყანაში ტურიზმის მდგრადი განვითარება, კულტურული და ბუნებრივი რესურსების დაცვა და შემდგომი პოპულარიზაცია. ასევე, ხელი უნდა შეუწყოს ტურისტული პროდუქტების და მომსახურეობის გამრავალფეროვნებას, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას, ქვეყნის რეგიონების განვითარებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და ინდუსტრიიდან ქვეყნის ეკონომიკაში შემოსავლების შთამბეჭდავ ზრდას.
​საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის და საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის ორგანიზებით, პირველი შეხვედრები კომიტეტის წევრებისა და ტურიზმის ადმინისტრაციის ჩართულობით, ინდუსტრიის წარმომადგენლებთან და უცხოელ ექსპერტებთან უკვე შედგა და გაგრძელდება შემდგომშიც”, – განაცხადა გიორგი ბეგაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები