ზვიად გამსახურდიას სახელობის სტიპენდია თსუ-ს სტუდენტს გადაეცემა
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. მემორანდუმს ხელი თავად ქვეყნის პირველმა პირმა გიორგი მარგველაშვილმა და თსუ-ს რექტორმა ვლადიმერ პაპავამ მოაწერეს. მემორანდუმის თანახმად, თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის და პრეზიდენტის ადმინისტრაცია ერთობლივი ძალებით განახორციელებენ სასტიპენდიო პროგრამებს, მოკლევადიან საგანმანათლებლო პროექტებს და ა.შ.
დოკუმენტის თანახმად, გიორგი მარგველაშვილის ინიციატივით საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას სახელის უკვდავსაყოფად საპრეზიდენტო სტიპენდია წესდება, რომელიც მიმდინარე სასწავლო წელსვე თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საუკეთესო სტუდენტს გადაეცემა.
“ჩემთვის დიდი პატივია იმ სასწავლებელში დაბრუნება, რომელშიც აღმზარდეს. მინდა გესაუბროთ, როგორც სახელმწიფოს წარმომადგენელი და გითხრათ, რომ როდესაც ვიყურებით მომავლისკენ, იმ მიზნებისკენ, რომელიც გააჩნია ნებისმიერ ქვეყანას და მათ შორის, საქართველოს, მთავარი ბურჯი, რაზეც ქვეყანა იგება, ესაა სწორედ უნივერისტეტები და ინტელექტუალური პოტენციალი. ამ ინტელექტუალური პოტენციალის წინაშე დგას უაღრესად რთული ამოცანა, ესაა, ერთი მხრივ, ის, რომ განავითაროს და წინ წასწიოს როგორც ქვეყნის ეკონომიკა, ასევე საზოგადოების განვითარება, მოახდინოს მისი ინტეგრაცია საერთაშორისო პროცესებში, ხოლო, მეორე მხრივ, შეინარჩუნოს ის ინდივიდუალიზმი, უნიკალურობა, რომელიც გააჩნია თითოეულ ერს.
აქ, უნივერსიტეტში, ხდება ამ ორი უმნიშვნელოვანესი მიმართულების სინთეზი – საკუთარი ინდივიდუალურობის, უნიკალურობის განსაზღვრის, მისი მოფრთხილების და მომავალი თაობისთვის გადაცემის და, ამავე დროს, თანამედროვე სამყაროში ინტეგრაციის და ჩვენი ქვეყნის თანამედროვე ერთა ოჯახში ღირსეული წარმოდგენის. გამომდინარე აქედან, ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ურთიერთობა მუდმივი თანამშრომლობის ფორმატში მოექცეს, სწორედ ამას ემსახურება ჩვენი მემორანდუმი და ამ მემორანდუმის პირველი ეტაპი – ესაა ზვიად გამსახურდიას სახელობის სტიპენდიის დაარსება”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა თსუ-ში სტუდენტების წინაშე სიტყვით გამოსვლისას.
მისივე განმარტებით, სწორედ უნივერსიტეტებში ყალიბდება ახალი პასუხები უმნიშვნელოვანეს კითხვებზე, რომლის წინაშეც მთელი ჩვენი საზოგადოება დგას. “სახელმწიფო ამას იმედის თვალით უყურებს”, – აღნიშნა მარგველაშვილმა.