ალექსანდრე ნინუას სამი წლით პატიმრობა შეეფარდა

 

თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ ხელმძღვანელს ალექსანდრე ნინუას სამი წლით პატიმრობა შეეფარდა. ალექსანდრე ნინუამ, რომელსაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება ბრალდებოდა, მისი დაკავება პოლიტიკურ მოტივად შეაფასა.
როგორც ბრალდებულმა პროცესზე განაცხადა, იგი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ცაგერის გამგებლად იყრის კენჭს და სწორედ ამ მოტივით დააკავეს.
“ძალიან კარგად ვიცი, რომ ვარ ადამიანი, რომელსაც ეს მთავრობა ციხიდან არ გაუშვებს. ბრიფინგები, რომლებზეც ითქვა, რომ კეზერაშვილთან ერთად ვარ სხვადასხვა საქმეზე ბრალდებული, არის სასაცილო. ეს ყველაფერი ხდება იმიტომ, რომ არჩევნებში მონაწილეობა არ მივიღო. ციხე საარჩევნო შტაბს დაამსგავსეს, “ოცნების” გარდა ყველა პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი ციხეშია. ეს სასამართლო პროცესები კი ჩვეულებრივი ცირკია”, – განაცხადა ნინუამ.
რაც შეეხება წარდგენილ ბრალდებას, პროკურატურის მასალების მიხედვით, ნინუა 2013 წლის 12 დეკემბერს, თავისუფლების მოედანზე იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. ნინუას თქმით, იგი ძველი იარაღის პოლიციისთვის ჩაბარებას ცდილობდა. თუმცა, როგორც პროკურორმა მარინა ლომიძემ განაცხადა, ნინუამ თავისუფლების მოედნამდე რამდენიმე პოლიციის განყოფილება გაიარა, სადაც შეეძლო იარაღის ჩაბარება.
“რაც საქართველოში ელიტური იარაღია, ყველა ჩემი ჩამოტანილია და დამაკავეს 1962 წელს გამოშვებული მაკაროვის გამო. ექვსი თვეა ამის გამო ციხეში ვარ”, – განაცხადა ნინუამ.
მისი ადვოკატის დავით ძაგანიას განცხადებით, საქალაქო სასამართლოს განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, რომელსაც ბრალდებულთან პოზიციის შეთანხმების შემდეგ, სავარაუდოდ, სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები