გიორგი ქობულია: ჩვენი ვარაუდით, აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ამოქმედება საქართველოში ამერიკიდან ინვესტიციებს 20-30%-ით გაზრდის

„მოხარული ვართ, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს მხარდამჭერი კანონპროექტი მიიღო, რომელიც ასევე ითვალისწინებს ამერიკასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებას”, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ განაცხადა.
მისი თქმით, კანონპროექტით წარმომადგენელთა პალატამ აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლებს მოუწოდა, გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკების დაწყების მიმართულებით.
„ჩვენ ძალიან აქტიურად ვაპირებთ 2019 წელს ამ მიმართულებით მუშაობას. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, შეთანხმებაზე მუშაობის დროს შედგება კონსულტაციები როგორც აშშ-ის მთავრობის, ასევე ბიზნესის წარმომადგენლებთან. ეს პროცესი გაზრდის საქართველოს ცნობადობას ამერიკული ბიზნესებისთვის. როდესაც შეთანხმება იქნება ხელმოწერილი, ის გახდება მნიშვნელოვანი პოზიტიური გზავნილი ამერიკის ინვესტორებისა და ბიზნეს საზოგადოებისთვის და საფუძველი, რათა მეტი ინვესტიციები მოვიზიდოთ ამ ქვეყნიდან. აშშ-დან ინვესტიციების მოზიდვა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი ვარაუდით, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ამოქმედების შემდეგ, პირდაპირი ინვესტიციები ამერიკიდან საქართველოში 20-30 პროცენტით გაიზრდება. ჩვენ ასევე გავზრდით ვაჭრობის მაჩვენებელს აშშ-სთან. ამიტომ ახალი კანონპროექტის მიმართ დიდი ენთუზიაზმით ვართ განწყობილი”, – განაცხადა გიორგი ქობულიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები