ვახტანგ ჭარაია: 2007 წელს ხელისუფლებამ საფინანსო სექტორს ნება დართო, სესხები ნებისმიერი საპროცენტო განაკვეთით გაეცათ

2007 წელს საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, მოეხსნა სესხების საპროცენტო განაკვეთებზე დაწესებული ზედა ზღვარი და ნება დართო საფინანსო სექტორის წარმომადგენლებს, სესხები ნებისმიერი საპროცენტო განაკვეთით გაეცათ, – ამის შესახებ ექსპერტი ვახტანგ ჭარაია აცხადებს.
მისი თქმით, “ქართუ ფონდის” და მთავრობის ერთობლივი ინიციატივა ვალების ჩამოწერასთან დაკავშირებით, წარსულის შეცდომების გამოსწორების ნაბიჯია.
“საქართველოში კერძო მევახშეობის დიდი პრაქტიკა არსებობს და ის 90-იან წლებში განსაკუთრებული სიმწვავით გამოირჩეოდა. არცთუ იშვიათად, კერძო პირებს შორის დავის წარმოშობის შემთხვევაში, საკითხს არა სასამართლო, არამედ კრიმინალური ფორმირებები ახდენდნენ და ზოგჯერ ამ პრობლემის მოგვარება ფატალურადაც სრულდებოდა. 2007 წელს საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება მოეხსნა სესხების საპროცენტო განაკვეთებზე დაწესებული ზედა ზღვარი და ნება დართო საფინანსო სექტორის წარმომადგენლებს, სესხები ნებისმიერი საპროცენტო განაკვეთით გაეცათ. დაიწყო 500, 700 და 1000 პროცენტიანი სესხების გაცემა. ერთი შეხედვით, „ბაზარი დაარეგულირებს“ და რა პრობლემაა?! შორს რომ არ წავიდეთ, სახეზეა გამოცდილება, როდესაც ბაზარმა საკუთარი თავი ვერ დაარეგულირა და რა თქმა უნდა, წარმოუდგენელი იყო, რომ დაერეგულირებინა. ე.წ. „მიმზიდველი საინვესტიციო გარემოთი“ განიმარტა მიკროსაფინანსოების რამდენიმეჯერადი მომრავლება 15-დან 62-მდე, 2007-დან 2011-წლამდე. არა და, ფაქტი იყო, რომ ყოველწლიურად მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი, ძირითადად კი ახალგაზრდები, იღებდნენ გაუმართლებელ ფინანსურ გადაწყვეტილებებს და ამით არა იმდენად საკუთარ, არამედ ოჯახის კეთილდღეობას და ფინანსურ მდგრადობას აგდებდნენ რისკის ქვეშ. 2018 წლის “ქართუ ფონდის” და მთავრობის ერთობლივი ინიციატივა უიმედო ვალების ჩამოწერასთან დაკავშირებით, წარსულის შეცდომების გამოსწორების ნაბიჯია და რომ არა ეს ნაბიჯი, ასეულობით ათას ადამიანს წაართმევდნენ დაყადაღებულ ქონებას, დიდი ხანი ვერ გამოვიდოდნენ ჩრდილოვანი ეკონომიკიდან, დასაქმების ჭრილში, ვალის გადახდის შემთხვევაშიც კი მათი საბანკო სექტორთან ჯანსაღი ურთიერთობა აღდგებოდა მნიშვნელოვნად გვიან, ვიდრე ამ ინიციატივის შემდგომ. ამ გადაწყვეტილებით, საფინანსო სექტორს შეუმსუბუქდება ლიკვიდობის პრობლემა, რაც მათ ახალი სესხების შედარებით დაბალ პროცენტში გაცემის შესაძლებლობას მისცემს (სხვა საკითხია, თუ ისინი როგორ გადაწყვეტენ ამ თანხების განკარგვას) და ბოლოს, აღნიშნული ნაბიჯით, უმჯობესდება საქართველოს იმიჯი და რეპუტაცია, რაც სხვადასხვა კვლევაში იქნება ასახული და მნიშვნელოვანია საქართველოს პოპულარიზებისთვის საერთაშორისო ასპარეზზე”, -აცხადებს ჭარაია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები