„ხშირად დამთენებია“… – რამდენ ფერს იყენებს „სურნელოვანი“ იასამნის დასახატად ბექა ხუცურაული?

თელავში დაიბადა და გაიზარდა. სილამაზის შეგრძნების უნარი ბავშვობიდან დაჰყვა… მისი სახლიდან, რომელიც თბილისის ქუჩაზე დგას, „უშველებელი“ ფანჯარა, კავკასიონის ხედით ცოცხალ ფერწერულ ტილოს აგონებდა… თუმცა ხატვა მოგვიანებით დაიწყო. სამსახურში, თავისუფალ დროს სულ რაღაცას ხატავდა ფანქრით, შემდეგ კი ფერწერაშიც სცადა ბედი.
ამბობს, რომ ფიზიკური დაღლილობა ხატვაში ხელს არ უშლის, სამსახურიდან მისულს ხშირად დასთენებია კიდეც.
მის ნამუშევრებში ჭარბობს მცენარები და პეიზაჟები, განსაკუთრებით უყვარს იასამნის დახატვა, რომლისთვისაც მინიმუმ 12 ფერს მაინც იყენებს.
გამოფენებიდან გამოარჩევს თურქეთში, 2013 წლის ოქტომბერში, ხელოვანთა ინტერნაციონალურ გამოფენას, სადაც აიღო დიპლომი. 2014 წელს, თბილისში ლუჩიანო ბენეტონის საკოლექციო გამოფენაზე „Georgia: Land of Men and Heroes”, სადაც წარადგინა  „იასამნები“, რომელიც მოხვდა „Imago Mundi”-ს კატალოგში.
სურს, არსებობდეს თელავის კოლორიტების მუზეუმი, მუდმივმოქმედი ექსპოზიციით, სადაც განთავსდებოდა ძველი ნივთები, ნახატები, კომპოზიციები, პორტრეტები, ფოტოები…
ამჟამად „რუსთავი 2“-ში „მხოლოდ ქართულის“ პროდიუსერია. – ბექა ხუცურულის პერსონა.

წაღვერში, ხატვისას…

– 1980 წლის 29 ოქტომბერს დავიბადე და გავიზარდე პატარა და საყვარელ ქალაქ თელავში, ერთ ჩვეულებრივ, თელავურ ოჯახში: დედა – ნინო ელიზბარაშვილი, პროფესიით პედაგოგი, ფიზიკა-მათემატიკის სპეციალობით, მამა – გიორგი ხუცურაული, პროფესიით ინჟინერი…
1998 წელს დავამთავრე თელავის 1 საშუალო სკოლა და ჩავაბარე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ეკონომიკურ-ტექნიკურ ფაკულტეტზე, 1999 წლიდან კი დავიწყე მუშაობა თელავის რაიონის გამგეობის, ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტში, 2001 წლიდან გადავედი კულტურის განყოფილებაში და თბილისში გადმოსვლამდე აქტიურად ვიყავი ჩართული თელავის კულტურულ ცხოვრებაში. ეს პერიოდი ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო ჩემს ცხოვრებაში, უამრავი მოგონება მაკავშირებს, ამაზე სხვა დროს ვისაუბრებ.
მიყვარს ჩემი ქალაქი, ან როგორ არ უნდა მიყვარდეს, იქ ხომ პატარა წყაროსაც კი თავისი სახელი აქვს… თელავიდან ბევრი რამ მახსოვს და ვიდრე ცოცხალი ვარ, ვერც დავივიწყებ! განსაკუთრებით კი ჩემი უბანი, სახლი თბილისის ქუჩაზე და ჩემი „უშველებელი“ ფანჯარა, კავკასიონის ხედით (ბავშვობაში უშველებლად დიდი მეჩვენებოდა და ასეც დამამახსოვრდა), რომელიც ცოცხალ ფერწერულ ტილოს მაგონებდა. დილით ქარვისფრად ინთებოდა დათოვლილი მწვერვალები, საღამოს კი ჯერ შევარდისფერდებოდა, შემდეგ კი მუქ იასამნისფერს მიიღებდა, სწორედ ამ ფერებს ვიყენებ ხშირად, განსაკუთრებით კი იასამნებში…
შთამბეჭდავად მახსოვს ქეთევან იაშვილის სახელობის, სამხატვრო გალერეა, ნამდვილი ორანჟერეაა ჩემთვის – იქ შეგიძლია დაათვალიერო ჰოლანდიური, გერმანული, ფრანგული, რუსული და, რა თქმა უნდა, ქართული ფერწერის საუკეთესო ნიმუშები. კოლექცია მოიცავს 200-მდე ნიმუშს, რომელიც ქეთევან იაშვილმა თელავს უსასყიდლოდ გადასცა, ვფიქრობ,  ეს სწორედ სამშობლოსა და თელავის დიდმა სიყვარულმა გააკეთებინა, რომელიც არცერთ თელაველს არ გაჰკვირვებია და არ უკვირს დღესაც, მინდა მეც ასე მიყვარდეს ჩემი ქალაქი…
ხატვა მოგვიანებით დაიწყეთ, უკვე დაოჯახებული იყავით…
– ხატვა გვიან დავიწყე… დაახლოებით 2008 წლიდან, ბანკში მუშაობის პერიოდში, მიკროდაკრედიტების ჯგუფს ვხელმძღვანელობდი (2007-2010), საკმაოდ შრომატევადი და ცოტა მოსაწყენი, ერთფეროვანი სამუშაო მქონდა. მინდოდა პარალელურად რაღაც ისეთი მეკეთებინა, რაც გამახალისებდა…

„ზამთარი“

ჯერ სამსახურშივე, თავისუფალ დროს სულ რაღაცას ვხატავდი ფანქრით, მაგრამ ვხვდებოდი, რომ შავი ფანქარი არ მყოფნიდა, ფერები მჭირდებოდა, სახლში მისულს კი, ჩვენი საოჯახო გალერეა – უშველებელი ბატიკები, გობელენები, ნაქარგები და მათი სიჭრელე, კიდევ უფრო მიმძაფრებდა ხატვის სურვილს და ერთხელაც, როდესაც დავინახე პალიტრაზე მორჩენილი საღებავები, ვითხოვე ნებართვა და რაღაც, ძალიან პრიმიტულად დავხატე, უფროსმა ხელოვანებმა თანაგრძნობა გამოხატეს (ირონიანარევი)…
ეცადნენ, მივეხვედრებინე, რომ სხვა მიმართულებით მეცადა ბედი, რადგან ხატვის სწავლა შეუძლებელია, თუ ეს ნიჭი თავიდანვე არ მოგყვებაო, მე კი, სწორედ ამ სტერეოტიპის დანგრევა განვიზრახე და ახლაც ვამბობ: არ არსებობს, მოინდომო და ვერ გააკეთო, მთავარია სურვილი და მოტივაცია! ნუ დაგვავიწყდება, რომ ღმერთმა ადამიანს ყველანაირი ნიჭი და უნარი მისცა, უბრალოდ ჩვენი ლოგიკური აზროვნებით და მაგალითად ასეთი სიტყვებით – „არ შემიძლია“, „ვერ გავაკეთებ“ და ა.შ. ვბლოკავთ ყველა ნიჭს…
ჩემი შემთხვევა ნათელი მაგალითია იმისა, რომ არასოდეს დამიხატავს, მოვინდომე და დღეს უკვე მრავალი ტილო მაქვს..
მინდა ვისარგებლო და მადლიერება გამოვხატო ჩემი მეგობრების  უჩა ედიშერაშვილის და კახა გოგილაშვილის მიმართ, რადგან პირველი პერიოდის ნახატებს ისინი ხშირად იძენდნენ და ამით დიდ სტიმულს მაძლევდნენ. აი, სულ პირველი ნახატი კი თაფლსა და კონიაკში გავცვალე და დღემდე კურიოზად ვიხსენებთ.
ასევე მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელიც დღემდე ცდილობს, მომცეს სწორი რეკომენდაცია და გამოცდილება გამიზიაროს, განსაკუთრებული მადლობა – ფეისბუქმეგობრებს, მათი შეფასება ჩემთვის, როგორც მხატვრისთვის, ძალიან ღირებულია!…

გვიან  ღამით  მუშაობთსამსახურის შემდეგროგორ უთავსებთ მუშაობას და ხატვას?
– ალბათ ძნელი წარმოსადგენია და ხშირად ახლაც  გაკვირვებით მეკითხებიან: როდის ასწრებ? როდის გძინავს? როდის მუშაობ? როგორ ახერხებ სამსახურის შემდეგ ხატვას?  და ა.შ..
ფიზიკური დაღლილობა არ უშლის ხელს ხატვას, მთავარია ემოციურად არ ვიყო დაცლილი და ნეგატიურმა ფიქრმა არ დამღალოს.

„რუთავი“ 2-ის ეზოში
ხე „რუსთავი2“-ის ეზოში

2018 წლის თებერვლიდან, ჩემი მეგობრის, გიორგი უშიკიშვილის რეკომენდაციით, აღმოვჩნდი პოზიტიური და ნიჭიერი ადამიანების გარემოცვაში, პროფესიონალთა დიდი ოჯახის, „რუსთავი 2“-ის გუნდის წევრი გავხდი და მას მერე ბევრი რამ შეიცვალა ჩემს ცხოვრებაში…
ხალისიანი და საინტერესო სამსახურის პარალელურად, დღის განმავლობაში მაქვს საშუალება, ჩემს გონებაში მონახაზები გავაკეთო, სახლში მისვლისას კი, როგორც მწყურვალი, წყლით სავსე ფინჯანს ერთი ამოსუნთქვით რომ გამოცლი, ასე ვიწყებ ხატვას. ასევე დილით, ახალგაღვიძებულზე, მთელი ღამის ნაფიქრიც გადმომიტანია… ასეთ ნახატებს მართალია დილის და საღამოს ექსპრომტები შევარქვი, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ეს სულაც არ არის ექსპრომტი და თითოეულზე საკმაოდ ბევრი მაქვს ნაფიქრი.
შთაგონება? ინსპირაციას რა იწვევს?
– შთაგონება და ინსპირაცია შეიძლება ერთმა ფოთოლმა, ერთმა ყვავილმა, ერთმა ხემ გამოიწვიოს, მთავარია ის „რაღაც“ დავინახო, ძნელია სიტყვებით ამის გადმოცემა… აი მაგალითად, რამდენიმე კვირის წინ, „რუსთავი 2“-ის ეზოში, როდესაც მანქანა გავაჩერე, ჩემს წინ პატარა მუხის ხე შევნიშნე, ყვითლად გაფოთლილი, მის უკან კი კედელი, სასწაული ფერით. ნაწვიმარზე, მზის სხივებით, ისეთი სურათი წარმოისახა, იმპრესიონისტული ფერწერული ტილო გეგონებოდა, ჯერ ფოტო გადავიღე, შემდეგ კი დავხატე.

იასამნები ხატვის პროცესში

ძალიან მიყვარს შემოდგომის ჩამავალი მზე, ყვითელ ფოთლებში რომ ანათებს, ხშირად, ასეთის დანახვისას გამიჩერებია მანქანა და გიჟივით გადმოვმხტარვარ, სულ რამდენიმე წუთში შეიძლება გაქრეს და დაიკარგოს ის მომენტი, რომელიც შთამბეჭდავად მოქმედებს ჩემზე და რაც შეიძლება გახდეს ინსპირაციის წყარო…
ვხატავდი სარდაფში, განმარტოებით, არავის მინდოდა ენახა, როგორ ვმუშაობდი, ხშირად დამთენებია. მუშაობისას ვერ ვგრძნობ ვერაფერს, ვერც დროს, ვერც სივრცეს, ვერც ადამიანებს… მესაუბრებიან და არ ვპასუხობ, გათიშული ვარ და თუ ჩანაფიქრი ზუსტად გადმოიტანე, სასწაული შეგრძნებაა, დაღლის მაგივრად ახალი ენერგიით ივსები!
დღემდე ძიებაში ვარ: დამიხატავს აკრილით, ზეთით, პიგმენტებით, შევიმუშავე ფანერებზე ჩემი სტილი, რომელიც ძალიან შრომატევადია, დამიხატავს ლევკასის ტექნიკით, მოკლედ, ჯერ ყველაფერი წინაა…
თქვენს ნამუშევრებში, ძირითადად, პეიზაჟები და ყვავილები ჭარბობსრომელი ყვავილი გიყვართ?
– მიყვარს ბუნება, ეს სიყვარული ბებია-პაპებისგან გამომყვა, მახსოვს, სადმე რომ მივდიოდით, პაპა თითქმის ყველა საინტერესო ადგილას გააჩერებდა მანქანას და დაგვათვალიერებინებდა, თავად აგრონომი იყო და ყველა მცენარე ზედმიწევნით კარგად იცოდა, როგორც ადამიანებს, ისე ესაუბრებოდა, გვიხსნიდა ყველაფერს და გვასწავლიდა მათ შესახებ, მათ თვისებებზე… ალბათ ესაა მიზეზიც, რომ ზეპირად შემიძლია დავხატო სხვადასხვა ჯიშის ხე, ბუჩქი, ყვავილი – მაგალითად, იასამანი, რომლის ხატვა განსაკუთრებით მიყვარს, მინიმუმ 10-12 ფერს ვიყენებ „სურნელოვანი“ იასამნის დასახატად.
რენუარმა თქვა – „ნახატი სასიამოვნო, მხიარული და ლამაზი უნდა იყოს, დიახ, ლამაზი! ამქვეყნად ბევრი უსიამოვნო რამ არის, კიდევ სხვა რომ მოვინდომოთ“ – მომწონს მისი ნათქვამი და ვცდილობ, ჩემი ნამუშევრებიც სასიამოვნო, მხიარული და ლამაზი იყოს…
რომელიმე ნამუშევრის დახატვის ისტორია
– ყველა ნახატს მისი ისტორია აქვს, არის ისეთებიც, რომლის გასაჯაროვება არ მინდა. ამ შემთხვევაში გამოვარჩევდი აყვავებულ ატმის ხეებს, რომელიც თელავში სააღდგომოდ ჩასულმა დავხატე. იმდენად მოვექეცი შთაბეჭდილების ქვეშ, რომ რეალობის აღქმა დავკარგე. მხოლოდ დასრულებისას მივხვდი, რომ ატმის ხეები რეალურთან შედარებით ძალიან დიდი გამომივიდა, ალბათ ამიტომ ეძახიან აყვავებულ ატმებს „აფეთქებულს“. ეს ნახატი ჩემს უფროს მეგობარს, ანსამბლ „წინანდლის“ სოლისტს, ბატონ გურამ ურჩუხიშვილს ვუსახსოვრე.
გამოფენები

თურქეთი, დიპლომს გადასცემს ქალაქის მერი

– პერსონალური გამოფენა ჯერ არ მქონია, ჯგუფურში კი მიმიღია მონაწილეობა, მათ შორის თურქეთში, 2013 წლის ოქტომბერში, ხელოვანთა ინტერნაციონალურ გამოფენაზე, სადაც ავიღე დიპლომი. ასევე 2014 წელს, თბილისში ლუჩიანო ბენეტონის საკოლექციო გამოფენაზე „Georgia: Land of Men and Heroes”, სადაც წარვადგინე ჩემი „იასამნები“ და მოხვდა „Imago Mundi“-ს კატალოგში.
ჰობი
– გარდა ხატვისა, ჩემი ჰობია ბუნებაში განმარტოებით სეირნობა, ზღვის პირას, ტყეში, შემოდგომის ფოთლების ყურება და მათი ჩუმი ხმაურის მოსმენა, მშვიდი მუსიკა და ფიქრი…
 თელავი მშობლიური ქალაქია. თქვენზე რომ იყოს დამოკიდებული, რას შეცვლიდით?
– თელავთან ბევრი რამ მაკავშირებს, მათ შორის ჩემთვის ძალიან ძვირფასი ადამიანები – ჩემი ძმა და მისი ოჯახი, მამა, დეიდაშვილები, მამიდაშვილები და მეგობრები… როგორც კი დროს ვნახულობ, გავრბივარ… გომბორის გზაზე სულ სხვა შეგრძნება მეუფლება, თითქოს სახლში ვბრუნდები, სულს უხარია, ყველა ხე მეცნობა და მიყვარს. თელავი უფრო მაშინ დავაფასე, როცა დავშორდი.
მინდა ყველა თელაველს ვთხოვო – ხანდახან სხვა თვალით შეხედეთ ჩვენს ქალაქს, რომ ახლიდან აღმოაჩინოთ! დააფასეთ ერთმანეთი, პატივი ეცით კოლორიტ ხალხს და ნუ დავივიწყებთ მათ ღვაწლს!

ცისანა და ნუნუ მარინდაშვილების გამოფენა ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში

ისე სურვილი კი მაქვს, რომ არსებობდეს თელავის კოლორიტების მუზეუმი, მუდმივმოქმედი ექსპოზიციით, სადაც განთავსდებოდა ძველი ნივთები, ნახატები, კომპოზიციები, პორტრეტები, ფოტოები და ა.შ. მათ უკვდავსაყოფად, რადგან მგონია, რომ ბევრი რამ იკარგება…
შეცვლით, ბევრ რამეს შევცვლიდი, ყველას ვერ ჩამოვთვლი მაგრამ სურვილებს გავაერთიანებ გეტყვით – თელავს, ევროპული დონის ტურისტულ ქალაქად ვაქცევდი!
ოჯახი. შვილებიმეუღლე მინანქარზე მუშაობს...  ქარგავს სიდედრი…  შვილებს თუ აინტერესებთ ხატვა?
– როგორც კი დავოჯახდი, თბილისში მომიწია გადმოსვლა, ახლა კი ვარ დიდი ოჯახის წევრი… მყავს მეუღლე – ირინა ნოზაძე და ორი შვილი, უფროსი – ნიკოლოზი და უმცროსი – ნინო. ბავშვობიდან მიმართლებს, ჩემს გვერდით სულ ძვირფასი ადამიანები არიან. ჩვენს ოჯახში არასოდეს ყოფილა სერიოზული უთანხმოება, არც ადრე და არც ახლა, ყველა ერთმანეთის ზრუნვაში ვატარებთ, მიყავრს მათთან ერთად ყოფნა.
ირინა 5-6 წელია რაც მინანქარზე მუშაობს, ისე პროფესიით უცხო ენების სპეციალისტია. მან გაიარა სპეციალური კურსები და სახლში მოიწყო პატარა საამქრო, აქვს თითქმის ყველა იარაღი და რაც მთავარია – სპეციალური ღუმელი. მუშაობს განსხვავებული, საინტერესო დიზაინით და მოწონებასაც იმსახურებს, აქვს შეკვეთებიც. რაც შეეხება ირინას დეიდას და დედას: ცისანა მარინდაშვილი  – მსოფლიო დონის გობელენისტი (გარდაიცვალა 2018 წლის გაზაფხულზე), მისი ნამუშევრები სხვადასხვა მუზეუმსა და კერძო კოლექციაშია დაცული, არის უამრავი პერსონალური გამოფენის ავტორი როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ (ავსტრია, აშშ, ბრიტანეთი, საფრანგეთი და სხვ.).

„ეული ხე“

ნუნუ მარინდაშვილი (დედა) პროფესიით ფიზიკოსია და უნიკალური ტექნიკით ქარგავს, თითოეულ ნამუშევარს ის 7-8 თვე ანდომებს და დიდი სიზუსტით მუშაობს, რადგან ნაქარგში შეცდომის დაშვება გამორიცხულია. მისი ნამუშევრები გამოფენილა თბილისში, მცხეთაში, თელავში, ამერიკის საელჩოში (ელჩის მიწვევით), ასევე გერმანიაში, ავსტრიაში და ბოლოს, 2017 წლის მაისში ლონდონში, ანგლიკანური და აღმოსავლეთ ეკლესიების ასოციაციის ხელმძღვანელის, უილიამ ტეილორის სპეციალური მიწვევით და საფრანგეთში მოღვაწე ქართველი ქალბატონის, ლილი კაჭახიძის ორგანიზებით, მისი ნამუშევრების ნაწილი გაყიდულია და ინახება კერძო კოლექციებში. სულ ცოტა ხნის წინ, ყველასათვის მოულოდნელად, ჩემი მეუღლის დამაც (მია ნოზაძე) დაიწყო ხატვა, საკმაოდ კარგი მონაცემები აქვს ჩემს ნინუცასაც (უმცროსი შვილი),  ასე, რომ ტრადიცია გრძელდება…
 ალბათ ახლობლებს სამახსოვროდ ჩუქნით ანახატებსშეკვეთით ხატავთ?
– ძალიან მაგარი გრძნობაა, როდესაც ხვდები, რომ შენი ნახატი, რომელზედაც გარკვეული დრო, ენერგია, ფიქრი დახარჯე, მოეწონათ და სწორედ ისე დაინახეს, როგორც მე ჩავიფიქრე… მე, ფერები მახატვინებს, ფერებით ვგრძნობ, ფერებით გადმოვცემ განწყობას, რომელიც რაღაც კონკრეტულ მომენტს გამოხატავს. ამიტომ ვჩუქნი ხშირად მას, ვინც ისევე აღიქვამს და გრძნობს, როგორც მე. თუმცა, ბევრი იყიდება კიდევაც.  შეკვეთით ვხატავ, ოღონდ არა კონკრეტული მითითებებით.
სამომავლო გეგმები
–  ძალიან მყუდრო და თბილ გარემოში პერსონალური გამოფენის მოწყობის დიდი სურვილი მაქვს… ვნახოთ, ალბათ განვახორციელებ მეგობრების დახმარებით. ეს გარკვეული გამოცდაც იქნება, მხატვრის ამპლუაში.

 

თამარ შაიშმელაშვილი

 

„ალაზნის ველი“
„აფეთქებული ატმები“
„ახმეტის გზა“
„იასამანი“
„იები“
„კავკასიონი საღამოს“ (ფოტო)
„მზის ყვავილები“
„პირველად დახატული იასამნები“
ფანერა, დეკორატიული
„ქალბატონი რენუარის ბაღში“
„ყაყაჩოები“
„წაღვერი, სადგურის გზა“

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები