კაცმა, რომელიც ადვოკატად ასაღებდა თავს, დაპატიმრებამდე 26 საქმე მოიგო
ინდოეთში მამაკაცი, რომელიც თავს იურისტად ასაღებდა, სამართალდამცველებმა თაღლითობის ბრალდებით დააკავეს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, 32 წლის მამაკაცი წლების განმავლობაში, სასამართლო პროცესებში ადვოკატის სტატუსით მონაწილეობდა და დაპატიმრებამდე, გამარჯვება 26 საქმეში მოიპოვა.
გამოძიების ინფორმაციით, მას არასდროს ჰქონია იურიდიული განათლება და არ ყოფილა ადვოკატთა ასოციაციის წევრი. მამაკაცმა ყალბი დიპლომის და იურიდიული ლიცენზიის მეშვეობით, სამართლებრივ სფეროში მუშაობა და სხვადასხვა კლიენტის დაცვა შეძლო.
თაღლითობის ფაქტი მაშინ გამოვლინდა, როცა ერთ-ერთმა ნამდვილმა იურისტმა მისი დოკუმენტების ავთენტურობა გადაამოწმა, ეს ყველაფერი კი მას შემდეგ, რაც მამაკაცმა ათობით საქმე მოიგო და წარმატებით წარსდგა მაგისტრატების, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებისა და უზენაესი სასამართლოს წინაშეც კი.
ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლების თქმით, შემთხვევამ იურიდიული სისტემის სანდოობის საკითხზე საზოგადოებაში სერიოზული კითხვები გააჩინა.