სოფიო ქაცარავა „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერებზე: დამიმტვრიეს ავტომობილი და მზად იყვნენ ფიზიკურად გაგვსწორებოდნენ

ის, რაც მე და ჩემმა კოლეგებმა გუშინ საკუთარ თავზე გამოვცადეთ, სცდება ყველანაირ დემოკრატიულ პრინციპს, ყველა ზღვარს და ნორმას, -ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი სოფიო ქაცარავა, ოპოზიციის მხარდამჭერების გუშინდელ ქმედებებთან დაკავშირებით წერს.
ქაცარავას შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ძალადობის წახალისება არის ყოვლად მიუღებელი და კარგად გამოხატავს მათ რეალურ სახეს.
„მინდა ყველას მოგილოცოთ საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის ამოქმედება. ასევე, კიდევ ერთხელ მივულოცო ქალბატონ სალომეს პრეზიდენტობა. გუშინ ინაუგურაციის ცერემონია მართლაც მაღალ დონეზე წარიმართა და ჩვენი ქვეყანა წარმოჩნდა ღირსეულად, მათ შორის, საერთაშორისო დონეზე, მიუხედავად მძიმე პროვოკაციული ფონისა.
მინდა გუშინდელ ინციდენტთან დაკავშირებით გაგიზიაროთ ჩემი მოსაზრება და აღვნიშნო, რომ ამ ორი წლის მანძილზე, მას შემდეგ რაც გავხდი პარლამენტის წევრი, მაქსიმალურად თავს ვარიდებდი „ნაციონალური მოძრაობის“ პროვოკაციული რიტორიკასა და ქმედებებზე აყოლას. ამას შეგნებულად ვაკეთებ, რადგან ვთვლი, რომ ჩვენი ქვეყანა და საზოგადოება პოლიტიკური ცხოვრების გაცილებით უფრო მაღალ სტანდარტებს იმსახურებს. არ მინდა დაძაბულობის უფრო მეტად გაღვივება, თუმცა ამას დიდი ძალისხმევა სჭირდება.
სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება, მშვიდობიანი საპროტესტო აქციები და თავისუფალი მედია -დემოკრატიული სამყაროს პრინციპებია და ჩვენი ხელისუფლება, როგორც ამ ყველაფრის ნაწილი, ერთგულია ამ პრინციპების.
თუმცა ის, რაც მე და ჩემმა კოლეგებმა გუშინ საკუთარ თავზე გამოვცადეთ სცდება ყველანაირ დემოკრატიულ პრინციპს, ყველა ზღვარს და ნორმას.
ეს იყო ძალადობის გამოვლინება, რა დროსაც მოგვაყენეს საშინელი სიტყვიერი შეურაცხყოფა, დამიმტვრიეს ავტომობილი და მზად იყვნენ ფიზიკურად გაგვსწორებოდნენ. „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ძალადობის წახალისება არის ყოვლად მიუღებელი და კარგად გამოხატავს მათ რეალურ სახეს. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ყველაფერს მოჰყვება სამართლებრივი რეაგირება.
მე, ცხადია, არც მომავალში ავყვები მათ პროვოკაციებს, რადგან მე, პირადად, გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი და ქვეყნისთვის საჭირო პროცესებში ვარ ჩართული და მინდა, ჩემი წვლილი შევიტანო ქვეყნის პროგრესში, განვითარებასა და იმ მიზნების მიღწევაში, რაც დასახული გვაქვს საერთაშორისო პოლიტიკურ დღის წესრიგში.
მადლობას ვუხდი სამართალდამცავებს, რომლებმაც, მიუხედავად ძალიან მძიმე პროვოკაციული ფონისა, შეინარჩუნეს სიმშვიდე და გამოავლინეს მაღალი პროფესიონალიზმი. ასევე, ყველას მადლობა, ვინც გუშინ გამოგვეხმაურა და მხარდაჭერა გამოხატა“, – წერს სოფიო ქაცარავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები