საქსტატი: საქართველოში საშუალო ხელფასი შარშანდელთან შედარებით, გაიზარდა და 1125.5 ლარი შეადგინა

2018 წლის III კვარტალში, საქართველოში, საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 56.4 ლარით გაიზარდა და 1125.5 ლარი შეადგინა, – ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.
საქსტატის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, 2018 წლის III კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ხელფასების ზრდა შეინიშნებოდა თითქმის ყველა სექტორში.
საქმიანობების სახეების მიხედვით, შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: 
საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა – 2354.3 ლარი (წლიური ზრდა 26.5 პროცენტი);
​პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 1867.9 ლარი (წლიური ზრდა 8.6 პროცენტი);
ინფორმაცია და კომუნიკაცია – 1785.0 ლარი (წლიური ზრდა 18.0 პროცენტი).
ამასთან, დოკუმენტში ასახულია დასაქმებული ქალებისა და მამაკაცების ხელფასის ზრდის მაჩვენებელი.
საქასტატის ინფორმაციით, 2018 წლის III კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 851.9 ლარით, ხოლო კაცების – 1360.5 ლარით განისაზღვრა და ხელფასების წლიურმა ზრდამ, შესაბამისად, 42.5 და 66.7 ლარი შეადგინა.
საქმიანობის სახეების მიხედვით, მამაკაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.
2018 წლის III კვარტალში, დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ხელფასმა ბიზნესსექტორში 1186.7 ლარი შეადგინა (წლიური ზრდა 43.2 ლარი). საქმიანობების სახეების მიხედვით, მაღალი ხელფასი პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების (2186.0 ლარი, წლიური ზრდა 10.9 პროცენტი), ასევე ინფორმაციის და კომუნიკაციის (1811.4 ლარი, წლიური ზრდა 19.5 პროცენტი) დარგებში ფიქსირდება.
2018 წლის III კვარტალში, საშუალო თვიური ხელფასი არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 76.8 ლარით არის გაზრდილი და 1019.5 ლარს შეადგენს.
საქმიანობის სახეების მიხედვით, შედარებით მაღალი ხელფასი აქვთ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების, ასევე სახელმწიფო მმართველობისა და თავდაცვის სფეროებში დასაქმებულებს”, – ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები