გიორგი ქობულია: ახალი სტარტაპები ჩვენი ქვეყნის განვითარების საწინდარია

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ მონაწილეობა „თი ბი სი” ბანკის მიერ ორგანიზებული ბიზნესდაჯილდოების ცერემონიაში მიიღო და ნომინაციაში “წლის ქართული პროდუქტი” გამარჯვებული კომპანიის, “გეფერინის” წარმომადგენელს ჯილდო გადასცა. აღნიშნული კომპანიის გარდა, ნომინანტები, ასევე, აგროკომპანია “ჰერბია” და სამედიცინო პრეპარატების მწარმოებელი კომპანია “ნეოფარმი” იყვნენ.
მისასალმებელ სიტყვაში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მადლობა გადაუხადა ბიზნესდაჯილდოების ორგანიზატორებს, საქართველოში ბიზნესსექტორის წახალისებისა და მათი საქმიანობის დაფასებისთვის. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მეტი მსგავსი ღონისძიება გაიმართოს.
“ამიტომ მივესალმებით ასეთ ღონისძიებებს, რომელიც მოტივაციას აძლევს მცირე და საშუალო ბიზნესს იმისთვის, რომ კიდევ მეტი გააკეთონ. ​ჩვენ, როგორც მთავრობა, ძალიან დიდი ყურადღებით და ძალიან დიდი გულისხმიერებით გიყურებთ ყველას და ჩვენ გვინდა თქვენი წარმატება იმიტომ, რომ გვერწმუნეთ, თქვენი წარმატება არის ჩვენი ქვეყნის წარმატება,” – მიმართა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ბიზნესდაჯილდოებაზე შეკრებილი საქმიანი სექტორის წარმომადგენლებს.
გიორგი ქობულიამ ასევე, ყურადღება მცირე და საშუალო ბიზნესზე გაამახვილა და განსაკუთრებული აქცენტი სტარტაპებისა და ახალი კომპანიების განვითარების მნიშვნელობაზე გააკეთა.
“ჩვენთვის კერძო სექტორში მცირე და საშუალო ბიზნესი რეალურად ძალიან მნიშვნელოვანია. ის ახალი სტარტაპები, ახალი განვითარება, რომელსაც ვხედავთ ჩვენი ეკონომიკისა და ჩვენი ქვეყნის განვითარების წარმატების საწინდარია”,- აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
მან ასევე ეკონომიკის სამი სექტორის – სოფლის მეურნეობის, ფარმაციისა და ტყავეულის ნაწარმის წარმოებაზე ისაუბრა, რომელთა განვითარებაც ქვეყნის მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტული მიმართულებებია.
“თი ბი სი” ბანკის ბიზნესდაჯილდოებაზე ჟიურიმ 18 ფინალისტიდან 6 გამარჯვებული კომპანია შემდეგ ნომინაციებში გამოავლინა: წლის ბიზნესი; წლის ქართული პროდუქტი; წლის სტარტაპი; წლის ტურისტული ბიზნესი; წლის ქალი მეწარმე და ბიზნესი დადებითი გავლენისთვის.
ბიზნესდაჯილდოების პარტნიორები იყვნენ ევროპული ფონდი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისთვის (EFSE), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), “Impact Hub Tbilisi” და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები