ივანე მაჭავარიანი: პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი და პრეზიდენტის დღევანდელი უფლებამოსილება ერთმანეთთან შეუსაბამოა

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის თქმით, სარეზერვო ფონდი პრეზიდენტის უფლებამოსილებასთან კონფლიქტში მოდიოდა. როგორც მან განმარტა, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდში გათვალისწინებული თანხები შესაძლოა იყოს აღმასრულებელ ხელისუფლებასთან დაკავშირებული მოვლენებიც, ამიტომ ეს არარელევანტურია პრეზიდენტის დღევანდელ უფლებამოსილებასთან.
„სარეზერვო ფონდი პრეზიდენტის უფლებამოსილებასთან კონფლიქტში მოდიოდა. იქნება ეს მთავრობისა თუ პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი, ძირითადად ისეთი მოვლენების დასაფინანსებლად იქმნება, რომელთ განჭვრეტა დასაწყისში ძნელია. შესაბამისად, ბიუჯეტის დაგეგმვა რთულია. მაგალითად, შეიძლება ეს იყოს სტიქიური მოვლენები ან პირობითად, ჩვენმა სპორტსმენებმა იმაზე მეტი ოლიმპიური მედალი მოიტანეს, ვიდრე წარმოგვედგინა და შეიძლება ამისთვის იყოს გამოყენებული. თუ დააკვირდებით, ეს არის აღმასრულებელ ხელისუფლებასთან დაკავშირებული მოვლენები. ამ შემთხვევაში, ეს არარელევანტურია პრეზიდენტის დღევანდელ უფლებამოსილებასთან.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხარჯებს რაც შეეხება, დამერწმუნეთ, რომ ამ მიმართულებით მოხდება თანხის გამოყოფა. კონსულტაციები გაგრძელდება და ყველაფერი მოხდება ისე, რომ არათუ დასუსტდეს, არამედ გაძლიერდეს პრეზიდენტის ინსტიტუტი. რა თანხაც დასჭირდებათ თანამშრომლებს, ბიუჯეტში გარანტირებული იქნება“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები