“ლაპის ლაზულის” მარშრუტით საქართველოს ტერიტორიაზე სატრანზიტო მოძრაობა დაიწყება

“ლაპის ლაზულის” მარშრუტით, საქართველოს ტერიტორიაზე ავღანეთიდან სატრანზიტო მოძრაობა დაიწყება, რომელიც ავღანეთიდან ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონის გავლით, ევროპაში სატრანზიტო მოძრაობას ითვალისწინებს.
როგორც “კვირას” ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, პირველი საპილოტე გადაზიდვა საავტომობილო ტრანსპორტის საშუალებითაა დაგეგმილი. აღნიშნულ ტრანზიტთან დაკავშირებული ტექნიკური საკითხები ავღანეთის ქალაქ ჰერათში სატრანზიტო-სატრანსპორტო დერეფნის „ლაპის ლაზულის“ ექსპერტთა ჯგუფის მე-2 შეხვედრაზე განიხილეს, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს და სს „საქართველოს რკინიგზის“ წარმომადგენლები დაესწრნენ. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ავღანეთის, აზერბაიჯანის, თურქეთისა და თურქმენეთის წარმომადგენლები. შეხვედრა 6 -7 დეკემბერს გაიმართა.
შეხვედრაზე „ლაპის ლაზულის“ მარშრუტის მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლებმა განიხილეს აღნიშნული მარშრუტის ფარგლებში სარკინიგზო გადაზიდვების განვითარების საკითხები. აღსანიშნავია, რომ “ლაპის ლაზულის” მარშრუტის განვითარებას სატრანზიტო და სატრანსპორტო თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება ითვალისწინებს, რომელსაც ხელი 2017 წლის 15 ნოემბერს ქ. აშხაბადში (თურქმენეთი) ავღანეთის თაობაზე რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის კონფერენციის (RECCA-VII) ფარგლებში მოეწერა. შეთანხმება ქმნის ხუთ ქვეყანას შორის (ავღანეთი, თურქმენეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, თურქეთი) თანამშრომლობის სამართლებრივ საფუძველს. იგი წარმოადგენს ჩარჩო შეთანხმებას, რომლის დებულებები არეგულირებს სატრანზიტო მიმოსვლას, რომელიც იწყება ან სრულდება ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე და ტვირთისა და მგზავრების გადაადგილებას ხელშემკვრელი მხარეების შესაბამის დერეფნებს შორის. კერძოდ, შეთანხმება ხელს უწყობს ხელშემკვრელი მხარეების ტერიტორიებზე დაუბრკოლებელ გადაადგილებას, სატრანზიტო მოძრაობასთან დაკავშირებული აუცილებელი ადმინისტრაციული საკითხებისა და პროცედურების გამარტივებას, უზრუნველყოფს სატრანსპორტო საშუალებების, ტვირთისა და მგზავრების უსაფრთხოებას.
შეთანხმების თანახმად, გადაზიდვები განხორციელდება ხელშემკვრელი მხარეების მიერ წინასწარ განსაზღვრულ საავტომობილო, სარკინიგზო და შიდა სამდინარო სატრანზიტო მარშრუტებზე.
შეთანხმების ამოქმედება ხელს შეუწყობს საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის განვითარებას და დამატებითი ტვირთნაკადების მოზიდვას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები