ირაკლი კოვზანაძე: ბიუჯეტში ცვლილებების შეტანა წლის ბოლოს ცაიტნოტში აყენებს როგორც პარლამენტს, ასევე მთავრობას

ბიუჯეტის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანა წლის მიწურულს, პარლამენტის ბოლო სასესიო კვირას, ცაიტნოტში აყენებს როგორც მთავრობას, ასევე პარლამენტს და აკნინებს მის მნიშვნელობას, – ამის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ პლენარულ სესიაზე განაცხადა, სადაც კანონში შესატანი ცვლილებები იხილება.
„მსგავსი ცვლილებების პროგნოზირება და განხორციელების დაწყება, ვფიქრობ, შესაძლებელია ერთი კვარტლით ადრე“, – აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.
კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ბიუჯეტის როგორც საშემოსავლო, ასევე ხარჯვითი ნაწილის აღსრულებაზე პასუხისმგებლობა ფინანსთა სამინისტროს ეკისრება და ეს ფინანსთა მინისტრმა, როგორც მთავრობის წევრმა, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს. ამავე დროს, კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ მეტი ყურადღება უნდა მიექცეს ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის გამოყოფილ ასიგნებებს ბიუჯეტის როგორც დაგეგმვის ეტაპზე, ისე შესრულების პროცესში.
„მინდა მივმართო საქართველოს პრემიერ-მინისტრს და ვთხოვო, რომ ბიუჯეტის კანონპროექტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის შემაჯამებელ სხდომაზე განხილვის პროცესში, სადაც უკვე ხდება ყველა სახის პოზიციების შეჯერება, მომხსენებლად დაინიშნოს სწორედ ფინანსთა მინისტრი და არა მისი მოადგილე, ეს მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.
წარმოდგენილი კანონპროექტით, 2018 წლის ეკონომიკური ზრდა 5%-ით განისაზღვრა (4,5%-ის ნაცვლად), ნომინალური მშპ 951,4 მლნ ლარით იზრდება და 41 მლრდ 527,2 მლნ ლარს შეადგენს. ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი 0,5%-ით შემცირდა და 2.3% -ით განისაზღვრა. 2018 წლის ბიუჯეტში შემოსულობები 17.2 მლნ ლარით გაიზარდა და 12 მლრდ 467,9 მლნ ლარი შეადგინა, ხოლო გადასახდელები – 31,6 მლნ. ლარით გაიზარდა და 12 მლრდ 491,1 მლნ ლარით განისაზღვრა. წარმოდგენილი პროექტით, 250 მლნ ლარით შეუმცირდა ასიგნებები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, რაც საგზაო პროექტების (რიკოთის და ქვეშეთი-კობის მონაკვეთების) გადავადებამ განაპირობა.
აღნიშნული პროექტები გამოირჩევა კომპლექსურობით და მოსამზადებელი სამუშაოების სირთულით. დევნილთა განსახლების ღონისძიებების დაფინანსება იზრდება 45 მლნ ლარით; განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ასიგნებები 17.5 მლნ. ლარით გაიზარდა, აქედან, 10 მლნ ლარი სასწავლო გრანტების დაფინანსებაზე მიემართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები