კობა დავითაშვილი: სისტემა, რომელიც პაატა ბურჭულაძის ფონდმა მოაწყო, პირდაპირ ქურდობის ხელშემწყობია

0

სისტემა, რომელიც პაატა ბურჭულაძის ფონდმა “იავნანამ” მოაწყო, პირდაპირ ქურდობის ხელშემწყობია, – ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა კობა დავითაშვილმა მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხდა.
კობა დავითაშვილი საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესს გამოეხმაურა. როგორც ცნობილია, კობა დავითაშვილს პაატა ბურჭულაძემ ცილისწამებისთვის უჩივლა.
“მოლოდინი მაქვს, რომ ამ სასამართლოს მოვიგებ, არსებობს მტკიცებულებები, რომ პაატა ბურჭულაძემ, მისმა ფონდმა შემოწირულობების ისეთი სისტემა მოაწყო, რომელიც გამორიცხავს ყოველგვარ აღრიცხიანობას და იმ ყუთებში როგორც ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა აჩვენა, ბევრად მეტი ფული უნდა გროვდებოდეს ვიდრე ისინი აჩვენებდნენ. აჩვენებდნენ, იმიტომ რომ არანაირი მეორე სტრუქტურა ჩართული არ არის ამაში, ბანკში არ მიაქვთ საინკასაციოდ ეს ყუთები, მიაქვთ საკუთარ ოფისში და მერე აცხადებენ, ამდენი და ამდენი იყოო. არავინ იცის, რამდენი შემოწირულობა იყო სინამდვილეში იმ ყუთში. ანუ ეს სისტემა, რომელიც მოაწყო პაატა ბურჭულაძის ფონდმა ” იავნანამ ” პირდაპირ არის ხელშემწყობი ქურდობისა და ამ ქურდობას ფონდის ხელმძღვანელობა ჩაიდენს, მისი ცალკეული თანამშრომლები, თუ ინკასატორები ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ფაქტია, შეიქმნა პირობები, რომელიც პირდაპირ ქურდობას უწყობს ხელს ამ სიტყვის სრული გაგებით, ეს სიტყვა ძალიან უპრიანია ამ ფონდთან მიმართებაში”, – განაცხადა დავითაშვილმა.
ცნობისთვის, პაატა ბურჭულაძის სარჩელი, რომლითაც ის კობა დავითაშვილს უჩივის, თბილისის საქალაქო სასამართლოს არსებით განხილვაში გადაეცა. პაატა ბურჭულაძე კობა დავითაშვილს ცილისმწამებლური განცხადებებისთვის უჩივის. საუბარია განცხადებაზე, რომელიც დავითაშვილმა სხვადასხვა მედიასაშუალებაში გააკეთა და ბურჭულაძეს ფონდ „იავნანაში“ საქველმოქმედო მიზნებით შემოსული თანხების მოპარვაში ადანაშაულებს. სარჩელის მიხედვით, კობა დავითაშვილის ადვოკატი ითხოვს, ცილისმწამებლური ცნობების უარყოფას და მორალური ზიანის ანაზღაურებას 25 000 ლარის სახით, რაც მათი თქმით, მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს გადაერიცხებათ.
საქმის არსებითი განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში 5 თებერვალს დაიწყება.

კომენტარები

კომენტარი