გიორგი მარგველაშვილი: არსებობენ სამი ტიპის „ნაცები“ – პორტირებული, ექსპორტირებული და ჭეშმარიტი
„არსებობენ პორტირებული „ნაციონალები“, ვინც არიან „ქართულ ოცნებაში“, არიან ექსპორტირებული “ნაციონალები“, რომლებიც არიან „ევროპულ საქართველოში“ და ჭეშმარიტი „ნაციონალები“, ვინც არიან „ნაციონალურ მოძრაობაში“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშილმა სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა.
მარგველაშვილი კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებს ხვდება. ერთ-ერთი სტუდენტი დაინტერესდა, რატომ არის პოლიტიკური ველი ორ პოლიტიკური ძალას შორის გადანაწილებული და რატომ არის საზოგადოება გაყოფილი ორ ნაწილად.
„როდესაც „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში, მაშინ უფრო გაყოფილი იყო პოლიტიკურ სპექტრი. ვინ ვიყავით – ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკური გუნდის ლიდერი, რომელიც პოლიტიკაში ასე პირდაპირ არ ყოფილა, ბიძინა ივანიშვილის ირგვლივ გაერთიანებული პოლიტიკური ძალები, რომლებსაც გვქონდა ოპოზიციაში ყოფნის ბიოგრაფია. ეს იყო მკვეთრად გამოხატული ოპოზიციური გაერთიანება. ტემპერატურა იწევდა იქიდან გამომდინარე, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებას არ ეტყობოდა, რომ ისინი იოლად დათმობდნენ ხელისუფლებას. ჩემი აზრით, მაშინ უფრო დაპირისპირებული იყო პოლიტიკური სპექტრი. რამდენიმე წლის განმავლობაში „ქართულ ოცნებაში“ ფაქტობრივად არ დარჩნენ პოლიტიკური ლიდერები, რომლებსაც ოპოზიციური გამოცდილება ჰქონდათ, რამდენიმე ერთეული გამონაკლისის გარდა”, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
მისივე თქმით, 2016 წლისთვის პოლიტიკურმა ლიდერებმა და კოალიციამ, რომელიც დაპირისპირებული იყო „ნაციონალურ მოძრაობასთან“ შეწყვიტა არსებობა და ჩამოყალიბდა ახალ პოლიტიკურ გაერთიანებად.
„ცოტა იუმორიც რომ შევიტანოთ, ასე ირჩევა ხოლმე ქართული პოლიტიკური რეალობა, რომ არსებობენ პორტირებული „ნაციონალები“, ვინც არიან „ქართულ ოცნებაში“, არიან ექსპორტირებული “ნაციონალები“, რომლებიც არიან „ევროპულ საქართველოში“ და ჭეშმარიტი „ნაციონალები“, ვინც არიან „ნაციონალურ მოძრაობაში“. ეს პორტირებულები უყვებიან ექსპორტირებულებს, ჭეშმარიტებმა რა დააშავეს და ამას უყურებ როგორც პოლიტიკური დებატებს. როდემდე უნდა ვუყუროთ ერთი და იგივე ამბავს, როდესაც რომელიღაც ჩინოვნიკი ადეიშვილის ან მერაბიშვილის ყვება, რა საშინელება იყო ის პროცესი. აქ მე ვერ ვხედავ რეალურ დაპირისპირებას “, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.