საქართველოში ტყვიის წყაროების დადგენისთვის კვლევა პირველად იწყება

საქართველოში ტყვიის წყაროების დადგენისთვის კვლევა პირველად იწყება, – ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში „სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ პროგრამის კოორდინატორმა ვახო კობალაძემ ისაუბრა.
მისი თქმით, კვლევა თბილისში, იმ ოჯახებში ჩატარდება, რომლის თუნდაც 1 წევრს მაინც, სისხლში ტყვიის გადამეტებული შემცველობა გამოუვლინდა.
როგორც კობალაძემ აღნიშნა, სპეციალისტები სწრაფი ტესტის საშუალებით დაადგენენ, ოჯახში რომელი ნივთი შეიცავს ტყვიას და რომელ ნიმუშშიც მძიმე მეტალი დაფიქსირდება, შემდეგ ლაბორატორიულ ანალიზს ჩაატარებენ, რათა გამოვლინდეს რა ოდენობითაა ტყვია ამა თუ იმ ნივთში.
„კვლევა ტარდება საინიციატივო ჯგუფის მიერ, ორბელიანის ფონდის დაფინანსებით, ნებაყოფლობით მონაწილეობის სურვილი გამოთქვა „ხარისხის ლაბორატორიამ“, რომელიც ახლა აკრედიტაციას აკეთებს სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთში ტყვიის გაზომვასთან დაკავშირებით. როგორც კი ეს აკრედიტაცია მზად იქნება, ჩვენ ვაპირებთ, კვლევა დავიწყოთ. ასეთი მიდგომა ავირჩიეთ: ვინაიდან რთულია ტყვიის დაბინძურების წყაროების მიკვლევა, ჩვენ მივალთ იმ ოჯახებში, სადაც რომელიმე წევრს მაინც გამოუვლინდა ტყვიის გადამეტებული შემცველობა სისხლში. საკმაოდ ბევრი ოჯახი აღმოჩნდა თბილისში ასეთ, მათთვისაც მნიშვნელოვანია, გაარკვიონ, საიდან მოხვდა მათ სისხლში ტყვია. ჩვენ ნებაყოფლობით ვთავაზობთ ნებისმიერ ოჯახს, ვის წევრსაც ლაბორატორიულად დაუდასტურდა სისხლში ტყვიის გადამეტებული ოდენობა, ჩაერთოს კვლევაში.
სპეციალურად მომზადებული ინტერვიურები, სპეციალისტები მივლენ ოჯახებში, გამოკითხავენ ოჯახის წევრებს ტყვიის პოტენციური წყაროების გამოსავლენად და სპეციალური, სწრაფი ტესტერების საშუალებით საყოფაცხოვრებო ნივთებს ტყვიის შემცველობაზე შეამოწმებენ. წყაროების გამოვლენის შემდეგ უფრო მცირე რაოდენობის ნიმუშებს აიღებენ და ლაბორატორიულად შეამოწმებენ უკვე იმისთვის, რომ გავიგოთ, რა ოდენობითაა ტყვია ამა თუ იმ ნივთში. სულ 100 ლაბორატორიული შემოწმება არის გათვალისწინებული ამ კვლევით. ჯერჯერობით, 20 ოჯახია, რომელმაც კვლევაში მონაწილეობის მიღების სურვილი გამოთქვა.
ტყვიის გადამეტებული ოდენობა მოქმედებს წნევაზე, ნერვულ სისტემაზე, ბავშვების შემთხვევაში ძალიან უარყოფითად მოქმედებს მათ ინტელექტუალურ განვითარებაზე“, – განაცხადა კობალაძემ.
მისივე თქმით, ვისაც კვლევაში ჩართვა სურს, შეუძლიათ კვლევის ინიციატორებს Momxmarebeli.ge-ზე, ასევე საიტის “ფეისბუქის“ გვერდზე მისწერონ.
კობალაძემ სურსათში ტყვიის შემცველობის საკითხთან დაკავშირებითაც ისაუბრა.
„ჩვენ სურსათის ეროვნული სააგენტოდან გამოვითხოვეთ მონაცემები. აღმოჩნდა, რომ 2012 წლიდან 2017 წლის ჩათვლით, სააგენტოს ტყვიაზე შემოწმებული ჰქონდა 2600-ზე მეტი პროდუქტი და აქედან 64-ში აღმოჩნდა ტყვიის გადამეტებული ოდენობა. ეს იყო, ძირითადად, ადგილობრივი საქონლის ხორცი, ასევე შემოწმებული სუნელებიდან, დაახლოებით, 20 %-ში აღმოჩნდა ტყვიის გადამეტებული ოდენობა. ყველაზე ცუდი ისაა, რომ დაბინძურების წყაროები უმეტეს შემთხვევაში ვერ იქნა გამოკვლეული. თუ ვერ მივაკვლიეთ, საიდან მოხდა პროდუქტის დაბინძურება, რთულია შედეგებთან ბრძოლა. მიკვლევადობის სისტემა სამწუხაროდ, გამართულად არ მუშაობს ჩვენთან. სააგენტომ აკრძალა დაფასოების გარეშე სუნელების გაყიდვა. მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება გაყიდვა, თუ სუნელს მომხმარებლის თვალწინ დაფქვავენ, თუმცა, ბაზრებში რომ გაიაროთ, ნახავთ, რომ მაინც იყიდება დაუფასოებელი სუნელები“, – განაცხადა კობალაძემ.
თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები