გრიგოლ ვაშაძე: ჩვენ გვინდა ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ გაიგოს განრისხებული ამომრჩევლის ხმა

“გაერთიანებული ოპოზიცია” 16 დეკემბერს თელავში აქციას მართავს. ამის შესახებ გრიგოლ ვაშაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
“საქართველოში არ ჩატარებულა საპრეზიდენტო არჩევნები. საქართველოში ჩატარდა კრიმინალური დაჯგუფებების ზედამხედველობის ქვეშ და მათთან შეზრდილი კორუმპირებული ჩინოვნიკების ზედამხედველობის ქვეშ სპეცოპერაცია, რომლის მთავარი მიზანი იყო ქართველი საზოგადოების ქართველი ერისა და ქართველი ამომრჩევლის აზრის გაყალბება. ეს დადასტურებული არის ყველა საერთაშორისო ორგანიზაციისა და ყველა საერთაშორისო დამკვირვებლის მიერ”, – განაცხადა ვაშაძემ.
მისივე თქმით, “გაერთიანებულმა ოპოზიციამ” ხელისუფლებას გარკვეულ კომპრომისზე წასვლა და გარკვეული პოლიტიკური პროცესების დაწყება შესთავაზა. მათ ხელისუფლებისგან უარი მიიღეს, ამიტომ 16 დეკემბერს თელავში გამართავენ აქციას.

“იმისათვის, რომ ხელისუფლებას გაეგო და გაეთვალისწინებინა 800 000-ზე მეტი ამომრჩევლის აზრი, ჩვენ მათ, 2 დეკემბერს მშვიდობიანი აქციის დროს, კომპრომისზე დაფუძნებული ნაბიჯ-ნაბიჯ გათვლილი პოლიტიკური პროცესის დაწყება შევთავაზეთ, მაგრამ, როგორც ყოველთვის, უტიფრად და ქედმაღლურად ე.წ ხელისუფლებამ სრული იგნორირება გაუკეთა ამ შეთავაზებას, ეს ძალიან სამწუხაროა იმიტომ, რომ ეს შეთავაზება მოდიოდა არამარტო ჩვენგან, გაერთიანებული ოპოზიციისგან, არამედ ჩვენი ამომრჩევლისგან და ამომრჩევლის რაოდენობა, როგორც უკვე ვთქვი, 80 000-ზე მეტია. არ არსებობს სიტუაცია, როცა 800 000 ამომრჩეველი არ მონაწილეობს ქვეყნის მართვაში და მაპატიეთ, ღამის დარაჯის დანიშვნის უფლებაც კი არა აქვს. რადგანაც ხელისუფლებამ ყურთ არ იღო საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დამკვირვებლების აზრი, მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ორ დღეში კიდევ უფრო სერიოზულ ვიდეოებს გამოვაქვეყნებთ იმ მასობრივ გაყალბებაზე, რომელიც ამ არჩევნების დროს ხდებოდა. რადგან მათ ყურთ არ იღეს ჩვენი კომპრომისული შეთავაზება, ამიტომ 16 დეკემბერს თელავში ჩვენ ჩავატარებთ მშვიდობიან აქციას, რომელიც მთლიანად იქნება ჩვენი კონსტიტუციის, კანონმდებლობისა და ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაციის ფარგლებში. ეს იქნება მშვიდობიანი მანიფესტაცია, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს გაერთიანებული ოპოზიციის ყველა პარტია. ნუ დაიწყება ისევ ვაი-ვიში, პანიკის გამოხატვა ინაუგურაციის ადგილის ცვლილება, არავინ არავის არ ერჩის, ჩვენ გვინდა ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ გაიგოს განრისხებული ამომრჩევლის ხმა”, – განაცხადა ვაშაძემ.

მისივე განმარტებით, გარდა თელავისა, აქციები თბილისსა და სხვა ქალაქებშიც გაიმართება.

“თბილისშიც გვექნება აქცია და სხვა ქალაქებშიც, მაგრამ მთავარი, ყველაზე მასშტაბური იქნება თელავში”, – განაცხადა ვაშაძემ

შეგახსენებთ, 16 დეკემბერს თელავში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია გაიმართება. “გაერთიანებულმა ოპოზიციამ” არალეგიტიმურად ცნო 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მოითხოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები