პარლამენტმა შესაძლოა მოწმის დაკითხვის ახალი წესი მიიღოს

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი წარადგინა.
მისი განმარტებით, საქმე ეხება მოწმის დაკითხვის ახალ წესს.
„ამ პროექტით გთავაზობთ ცვლილებებს იმ მუხლებზე, რომელიც შეეხება ტერორისტულ აქტს, ცეცხლსასროლი იარაღის საბრძოლო მასალის ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებსა, დამზადებას გადაზიდვას, გასაღებას, ან ტერორისტული მიზნით გამოყენებას ასევე, საერთაშორისო ტერორიზმში მონაწილეობას“, – განაცხადა მომხსენებელმა.
მისი განმარტებით, ახალი მოქმედი საპროცესო კოდექსის მიხედვით, დაკითხვის მოქმედი წესი შეიცვალა. ახალი წესით დაკითხვა შეიძლება განხორციელდეს მაგისტრანტ მოსამართლესთან, რომელსაც აქვს შესაბამისი ვადები.
„ეს არის 48 საათი თუმცა, დაცვის მხარის მოთხოვნით შესაძლებელია ეს ვადა გაგრძელდეს. მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ტერორიზმის საფრთხეების სპეციფიკა მოითხოვს დროულ რეაგირებას ამავდროულად, შესაძლოა წარმოიქმნას სიტუაცია, როცა დროში გაწელვამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას მოსახლეობის უსაფრთხოებას, მიზანშეწონილია, დღეს მოქმედი წესი არ გავრცელდეს ამ მუხლებზე“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
მისი თქმით, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მთელ მსოფლიოში, ტერორიზმთან ბრძოლაში მაქსიმალურად ცდილობენ ამ მიმართულებით მიდგომების გამკაცრებას.
კომიტეტის სხდომაზე „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი განიხილეს, რომელიც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ წარადგინა. მისი განმარტებით, სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების მაჩვენებლის პროგნოზი იზრდება 200 მლნ ლარით და შეადგენს 9 690.0 მლნ ლარს. სხვა შემოსავლების პროგნოზი იზრდება 25 მლნ ლარით და განისაზღვრება 435.0 მლნ ლარით.
გრანტების სახით დაგეგმილი მაჩვენებლები მცირდება 74.3 მლნ ლარით. „მათ შორის საბიუჯეტო დახმარებების სახით მისაღები გრანტები მცირდება 50,0 მლნ ლარით, ვინაიდან შესაძლებელია ევროკავშირიდან მისაღები გრანტები მიღება ნაცვლად 2018 წლის დეკემბრისა ჩამოირიცხოს 2019 წლის იანვარში. საინვესტიციო პროექტებზე გამოყოფილი გრანტების მოცულობა მცირდება 24,3 მლნ ლარის ოდენობით“, – განაცხადა მომხსენებელმა. მისივე თქმით, არაფინანსური აქტივების კლების (პრივატიზაციის) სახით მისაღები თანხების გეგმა იზრდება 40,0 მლნ ლარით; ფინანსური აქტივების კლების (სესხების დაბრუნება) მაჩვენებელი გაიზარდა 20,0 მლნ ლარით; ვალდებულებების ზრდის სახით მისაღები სახსრების გეგმა შემცირებულია 201.0 მლნ ლარით. საინვესტიციო პროექტების დასაფინანსებლად მიღებული გრძელვადიანი, შეღავათიანი კრედიტები მცირდება 321 მლნ ლარით და განისაზღვრება 915.8 მლნ ლარით. საბიუჯეტო კრედიტები იზრდება 105.0 მლნ ლარით და შეადგენს 455.0 მლნ ლარით.
გიორგი კაკაურიძის თქმით, სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები იზრდება 7.8 მლნ ლარით და განისაზღვრება 12 467.3 მლნ ლარით.
როგორც მომხსენებელმა განმარტა, მხარჯავი დაწესებულებების მიხედვით წარმოდგენილია შემდეგი ცვლილებები:
• დევნილთა განსახლების ღონისძიებებისათვის დამატებით 45 მლნ ლარით გამოიყოფა დევნილთა სახლების შეძენისათვის, რითაც დამატებით 500-ე მეტი დევნილი ოჯახის დაკმაყოფილება იქნება შესაძლებელი;
• საგარეო საქმეთა სამინისტროს ასიგნება იზრდება 21 მლნ ლარით და განისაზღვრა 142.0 მლნ ლარით. დამატებითი თანხის გამოყოფა ხორციელდება სტრასბურგსა და ლონდონში საქართველოს დიპლომატიური მისიებისათვის შენობების შეძენის ხარჯების, ასევე საელჩოების ფუნქციონირებასთან დაკავშირებული სხვა ხარჯების დაფინანსებით;
• შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გათვალისწინებული ასიგნება იზრდება 27.0 მლნ ლარით და განისაზღვრება 596.6 მლნ ლარით, მათ შორის 17 მლნ ლარით იზრდება სამინისტროს თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების და სხვა მიმდინარე ხარჯები, ხოლო 10 მლნ ლარით სამინისტროს ინფრასტრუქტურული ნაწილი.
კომიტეტის სხდომაზე „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტის წევრმა და საკითხის ერთ-ერთმა ინიციატორმა რატი იონათამიშვილმა წარადგინა.
კანონპროექტი მიზნად ისახავს კანონმდებლობაში არსებული ხარვეზების აღმოფხვრას და მშენებლობის პროცესში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის სივრცის მოწყობისა და არქიტექტურული და გეგმარებითი ელემენტების გაუთვალისწინებლობისთვის პასუხისმგებლობის განსაზღვრას და მასთან დაკავშირებით აღსრულების ეფექტური მექანიზმის შემუშავებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები