გარემოს დაცვის კომიტეტმა „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მხარი დაუჭირა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე კახაბერ კუჭავა უძღვებოდა, მთავრობის მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტი განიხილეს.
საკითხი ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ გამოიტანა და კომიტეტის წევრებს გააცნო ინფორმაცია ბიუჯეტში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით. მისი განცხადებით, ცვლილებები გამოიწვია ეკონომიკურმა ზრდამ, რომელმაც 10 თვის წინასწარი მაჩვენებლების მიხედვით რეალურად 5,1% შეადგინა. შესაბამისად, წარმოდგენილი პროექტით, ეკონომიკური ზრდის განახლებული პროგნოზი 5%-ს შეადგენს. ამგვარად, კანონპროექტის მიზანია, 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების დაზუსტება.
მომხსენებელმა კომიტეტის წევრებს გააცნო ცალკეული მხარჯავი დაწესებულებების მიხედვით წარმოდგენილი ცვლილებები. როგორც გიორგი კაკაურიძემ აღნიშნა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შემთხვევაში, ძირითადი ცვლილებები სოფლის მეურნეობის ნაწილს შეეხო. რაც შეეხება გარემოს დაცვის პროგრამებს, აქ მხოლოდ ერთი პროგრამის კორექტირება მოხდა, რომელიც ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერების მართვის ღონისძიებებს ეხება.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, სოფელ ცანას ყოფილი დარიშხანის სამთამადნო წარმოების და გადამუშავების ობიექტებზე სარკოფაგები უნდა აშენებულიყო, თუმცა ვინაიდან ძველი პროექტი ვერ აკმაყოფილებდა მოთხოვნებს, მიმდინარე წელს მხოლოდ ახალი პროექტი გაკეთდა. დარჩენილი თანხა კი მიმართულ იქნა ქვეპროგრამა „შეღავათიანი აგროკრედიტების“ დასაფინანსებლად. გიორგი კაკაურიძის განცხადებით, უსაფრთხო სარკოფაგის მშენებლობისათვის თანხა 2019 წლის ბიუჯეტშია გათვალისწინებული და მშენებლობაც მომავალ წელს დაიწყება.
კომიტეტის წევრებმა წარმოდგენილ კანონპროექტს მხარი დაუჭირეს.
სხდომაზე ასევე განიხილეს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით მომზადებული კანონპროექტები „საქართველოს ტყის კოდექსში“ ცვლილებების შეტანის შესახებ“, „ტყის ფონდის მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებების შეტანის შესახებ“, სადაც თავდაპირველად ინიცირებულ ვარიანტში ფინანსთა სამინისტროს წინადადებების საფუძველზე, ცვლილებები შევიდა. ცვლილებები კოლეგებს პარლამენტის წევრმა სულხან მახათაძემ გააცნო.
მისი ინფორმაციით, კანონპროექტის მიღება სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიის ზედამხედველობა-კონტროლის ფუნქციების მკაფიო გამიჯვნის აუცილებლობით არის განპირობებული. შესაბამისად, მართვის ორგანოსთვის ტყის ფიზიკურად დაცვის ფუნქციის ჩამოშორებით, შესაძლებელი გახდება კონტროლის ფუნქციის ერთი უწყების ქვეშ მობილიზება, რაც დადებითად იმოქმედებს უკანონო ტყითსარგებლობის პრევენციასა და აღკვეთაზე.
როგორც სხდომაზე ითქვა, კანონპროექტის მიღება გამოიწვევს ეროვნული სატყეო სააგენტოდან საშტატო ერთეულების (459), მათი შრომის ანაზღაურების ფონდის, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში გადატანას.
დასასრულ, კომიტეტმა პროექტში განხორციელებული ცვლილებების გათვალისწინებით, მხარი დაუჭირეს საკანონმდებლო პაკეტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად გატანას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები